„არანაირი 4 ოქტომბრისთვის მზადება არ არსებობს, არავინ 4 ოქტომბრისთვის პასუხისმგებლობას არ იღებს, არავინ ამბობს ვინ რას აპირებს 4 ოქტომბერს. ყველაფერი ისეა, თითქოს ბოლოს ვიღაცამ უნდა თქვას გეხუმრებოდითო“ - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

„ჩვენ ყველაფერს არარეალურად ვუყურებთ, რაც ჩვენს თვალწინ ხდება ახლა. არანაირი 4 ოქტომბერი არ არსებობს, არანაირი 4 ოქტომბრისთვის მზადება არ არსებობს, არავინ 4 ოქტომბრისთვის პასუხისმგებლობას არ იღებს. არავინ არ ამბობს გეგმას, ვინ რას აპირებს 4 ოქტომბერს. ყველაფერი ისე არის, რომ თითქოს ბოლოს ვიღაცამ უნდა თქვას, გეხუმრებოდით, რა მიხვედრა ამას უნდოდაო. ამაზე ხელისუფლება ვიღაც ადამიანებს იჭერს, შენ კი ხვდები, რომ ამ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობ და ერთადერთი შეგიძლია ადამიანებს უთხრა, რომ ხალხნო, ჩემი მონაწილეობა ამ რაღაცაში ნიშნავს პროტესტს, არსებული „ქოც-ნაცური“ დაპირისპირების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, გაუგებარია ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. მისი შეფასებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ციხეში წავიდნენ, ასევე, მისი თქმით, გაუგებარია, რატომ იჭერს ხელისუფლება მათ.

„ეს ხომ არჩევნები არ არის თავისი შინაარსით - ხალხს ყოველდღიურად იჭერენ, ნახევარი მონაწილეობს, მეორე ნახევარი იმას აგინებს, ვინც მონაწილეობს, მაგრამ, მოდი იქნებ ის მაინც დავთვალოთ, რამდენ ადამიანს უნდა ჩხუბის დამთავრება ამ ქვეყანაში და რამდენი ადამიანი უყურებს ამ პროცესებს, რაც ხდება. ვხედავთ, როგორ დალაგდნენ პოლიტიკური ლიდები და დააჭერინეს თავი ხელისუფლებას. მეორეს მხრივ, ხელისუფლებას რა ჯანდაბად უნდა ამათი დაჭერა წინასაარჩევნოდ. თუ არჩევნებს ოდნავ პატივს სცემ, ამათი დაჭერა საერთოდ, რა შუაშია. ხაზარაძე/ჯაფარიძეს თუ იწყალებ, სხვას რას ერჩი? საბოლოო ჯამში ვხვდები, რომ ეს ყველაფერი მოწყობილია იმისთვის, რომ ადამიანებმა საერთოდ სერიოზულად არ შეხედონ არაფერს“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.