პირობას თუ იძლევით, რომ იარაღს მიაწვდით, მაგრამ ამბობთ, რომ მის ღირებულებას სხვა გადაიხდის, ეს თქვენ მიერ გაწეულ დახმარებას არ ნიშნავს - კაია კალასი ტრამპს

კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესყიდვის "ტვირთი გაიზიაროს" და ამბობს, რომ თუ ამერიკა პირობას დებს, რომ იარაღს მიაწვდის უკრაინას, მაგრამ ღირებულებას სხვა გადაიხდის, ეს მათი დახმარება აღარ არის.

პარალელურად, კალასი მიესალმა ტრამპის გადაწყვეტილებას იარაღის NATO-სთვის მიყიდვისა და შემდგომ უკრაინისთვის მიწოდების თაობაზე.

"მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას უკრაინაში მეტი იარაღის გაგზავნის შესახებ, თუმცა გვსურს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაფინანსების ტვირთი იკისროს. ამერიკა და ევროპა ერთად მუშაობენ და თუ ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ამან შეიძლება პუტინზე მოლაპარაკებების კუთხით სერიოზული ზეწოლა მოახდინოს.

რაც შეეხება კვლავ ამერიკულ სამხედრო დახმარებას, ჩვენ თუ ვიხდით ამ იარაღის ღირებულებას, ეს ჩვენი, ანუ ევროპის მხარდაჭერაა. უკრაინის დასახმარებლად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია, ამიტომ ჩვენ ყველას მოვუწოდებთ იგივე გააკეთონ. თქვენ პირობას თუ იძლევით, რომ იარაღს მიაწვდით, მაგრამ ამბობთ, რომ მის ღირებულებას სხვა გადაიხდის, ეს თქვენ მიერ გაწეულ დახმარებას არ ნიშნავს", - განაცხადა კაია კალასმა.