NATO-ს გენერალური მდივანი აშშ-ს სთხოვს, არ აიძულონ უკრაინას არახელსაყრელი სამშვიდობო შეთანხმების მიღება - „ფაინენშალ თაიმსი“

მარკ რუტე

NATO-ს გენერალური მდივანი აშშ-ს სთხოვს, არ აიძულონ უკრაინას არახელსაყრელი სამშვიდობო შეთანხმების მიღება. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

გამოცემა წერს, რომ მარკ რუტე, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება, აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს, სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველს, მაიკლ უოლცს შეხვდება.

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, რუტე აპირებს, დაარწმუნოს ტრამპის ადმინისტრაციის წევრები, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღება დაუშვებელია უკრაინის ინტერესების გათვალისწინების გარეშე და, ასეთ შემთხვევაში, ეს მხოლოდ გააძლიერებს რუსეთს.

„ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რომ უკრაინას თუ თავს მოახვევენ „სამშვიდობო დარეგულირებას“, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მოსკოვს აწყობს, მაშინ მთელი ევროპის უსაფრთხოება აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ.

ამასთან, ბრიტანული გამოცემა იუწყება, რომ ტრამპის წინადადება, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარებას ეხება, შესაძლოა, ვაშინგტონსა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდეს. „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, არაა გამორიცხული, ამის გამო ჩაიშალოს NATO-ს სამიტი, რომელიც ჰააგაში 24-25 ივნისს არის დაგეგმილი.