მყინვარების ლღობამ შესაძლოა, მთელს მსოფლიოში ვულკანები გაააქტიუროს - კვლევა

 ვულკანი

 კლიმატის ცვლილება მხოლოდ ამინდზე არ აისახება, არამედ მას დედამიწაზე მიმდინარე გეოლოგიურ პროცესებზეც აქვს გავლენა. მაგალითად, ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მყინვარების ლღობას ვულკანების ამოფრქვევის გაძლიერებისა და გახშირების გამოწვევა შეუძლია. ყინულის ეს მასები კი სწორედ გლობალური დათბობის გამო დნება.

საქმე ისაა, რომ ანტარქტიდაზე, რუსეთში, ახალ ზელანდიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ასობით ვულკანი მყინვარების ქვეშ იმალება. ამ უკანასკნელთა ლღობას დედამიწაზე ტემპერატურის მატება განაპირობებს, რაც ამოფრქვევების რისკს ზრდის, რადგან მსგავს პროცესს ვეღარაფერი აკავებს. მკვლევრებმა ეს სამხრეთ ჩილეში მდებარე 6 ვულკანის შესწავლის შედეგად დაადგინეს. კერძოდ, გააანალიზეს, რა ხდებოდა ბოლო გამყინვარების პერიოდში.

ამ ორი მოვლენის კავშირის შესახებ მეცნიერებმა მსჯელობა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაიწყეს. მათ მიერ ნავარაუდები მიზეზი მარტივია — ყინულის მასა ძალას ქვემოთ, დედამიწის ქერქისა და მანტიისკენ, მიმართავს. თუკი რაიმე მიზეზის გამო მყინვარი ლღვება, აირები და მაგმა უკვე ხელშეუშლელად ფართოვდება და ამოფრქვევისთვის საკმარის წნევას წარმოქმნის.

ამ პროცესებმა ისლანდიაზე უკვე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. თითქმის 10 000 წლის წინ, უკანასკნელი გამყინვარების მიწურულს, მყინვარების დნობამ ვულკანები 30-50-ჯერ უფრო გაააქტიურა. ჩილეში მდებარე ასეთი წარმონაქმნების შესასწავლად ახლა მეცნიერებმა ქიმიურ ელემენტ არგონის რადიოაქტიური დაშლის პერიოდი გაითვალისწინეს. ყურადღება გაამახვილეს მაგმურ ქანებში ფორმირებულ კრისტალებზეც. საბოლოოდ, ამ რეგიონში ვულკანური ამოფრქვევებისა და ყინულის გაქრობასთან მისი კავშირის გამოვლენა შეძლეს.

აღმოჩნდა, რომ 25 000-დან 18 0000-მდე წლის წინა შუა პერიოდში, ანუ გამყინვარების პიკის დროს, ამოფრქვევები შეჩერდა და ზედაპირის ქვეშ მაგმის დიდი რეზერვუარი დაგროვდა. შემდეგ დნობამ მასში წნევა გაზარდა და ეს მატერია მოჩო-ჩოსუენკოდან ამოიტყორცნა. ავტორები ამბობენ, რომ ამის შანსი მაშინ უფრო იმატებს, როცა ყინულის მასა განსაკუთრებულად სქელია.

დღესდღეობით მსოფლიოში ყინულქვეშ 245-მდე მიძინებული ვულკანია. მათ ზემოთ ლღობა უფრო და უფრო ჩქარდება, რადგან გლობალურ დათბობას ვერ ვეწინააღმდეგებით. თუკი ამოფრქვევები მართლაც გახშირდება და გაძლიერდება, ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს კლიმატის ცვლილებას გააუარესებს, ვინაიდან ატმოსფეროში უფრო მეტი სათბურის აირი დაგროვდება.

მეცნიერები ამ მიგნებებს 2025 წლის გოლდშმიდტის კონფერენციაზეწარადგენენ, რომელიც პრაღაში ტარდება.