რა იწინასწარმეტყველა ვანგამ ირანისა და ისრაელის დაპირისპირებაზე
1750622653
აშშ ისრაელი-ირანის კონფლიქტში ჩაერთო და ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე წერტილოვანი საჰაერო იერიში მიიტანა.
ირანის ბირთვული ობიექტები - ფორდო, ნატანზი და ისპაჰანი მიწაში, ათობით მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, რაც მისი განადგურების მხრივ გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, ოპერაციისას აშშ-მა მაღალტექნოლოგიური, 14-ტონიანი ბომბები გამოიყენა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.
ექსპერტების თქმით, იმ შემთხვევაშიც თუ რომელიმე ბირთვული ობიექტიდან რადიაცია გაჟონავს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან ობიექტებთან ახლოს მცხოვრებ ან მოშორებით (ფართო რეგიონში) მყოფ ადამიანებს საფრთხე შეუქმნას.
„ამ ტიპის თავდასხმების დროს ძალიან ცოტა ურანი გამოიყოფა",- ამბობს AP News-სთან საუბარში ფიზიკოსი და ბირთვული იარაღის ექსპერტი, დევიდ ოლბრაითი.
მისივე თქმით, ურანი განსაკუთრებული ტოქსიკურობით არ გამოირჩევა - ის ზღვის წყალში და დედამიწის ქერქშიც გვხვდება.
როგორც ოლბრაითი აღნიშნავს, იმისთვის, რომ ადამიანი დაავადდეს, ურანის დიდი რაოდენობით არსებობაა საჭირო.
რა არის ირანის ბირთვული პროგრამა?
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) თანახმად, ირანის ბირთვული პროგრამა 1950-იანი წლებიდან იღებს სათავეს. იგი ურანის გამოყენებისთვის საჭირო ყველა პროცესს აერთიანებს. ამ პროგრამის ფარგლებში ირანში არაერთი დაწესებულება ფუნქციონირებს:
-ბონაბში, თეირანსა და ფორდოში კვლევითი დაწესებულებებია;
-ბუშერში ბირთვული ელექტროსადგურია;
-საგანდსა და ბანდარ აბასში ურანის საბადოებია;
-არაქსა და ისფაჰანში ურანის გადამუშავების ქარხნებია;
-ნატანზშია ურანის გამდიდრების ქარხანა;
ურანის გამდიდრება პროცესია, რომლის დროსაც ამ ნივთიერებას კონკრეტული კომპონენტის, 235U-ის, კონცენტრაციას უზრდიან. 235U ურანის, ქიმიური ელემენტის, კონკრეტული იზოტოპია (იზოტოპები ერთი ელემენტის სხვადასხვა ვარიანტია, რომლებსაც სხვადასხვა მასა აქვს). იგი ბირთვული ენერგიის ან იარაღის მისაღებად დანარჩენ იზოტოპებზე ეფექტიანია.
მსოფლიოს ბირთვული ასოციაციის მიხედვით, ნივთიერება ურანში 235U დაახლოებით 0.7% რაოდენობით გვხვდება (დანარჩენი წილი 238U-ს უკავია), ეს კი გამოსაყენებლად საკმარისი არ არის ხოლმე. ბირთვული ენერგიის მისაღებად ურანი ზემოხსენებული იზოტოპით 3–5%-ამდე უნდა იყოს გამდიდრებული, ბირთვული იარაღის შექმნისთვის კი 90% ან მეტია საჭირო.
ირანმა 60%-ამდე მიაღწია, ეს კი მშვიდობიანი მიზნებისთვის საჭირო ზღვარს სცდება და ბევრად ახლოა იარაღის შესაქმნელად საჭირო კონცენტრაციასთან. IAEA-ს შეფასებით, თუკი ურანის გამდიდრებას განაგრძობენ, ეს მარაგი 6 ბომბის შესაქმნელად საკმარისი იქნება.