„სოციალურ ქსელში გამოთქმულ მის მოსაზრებებთან დაკავშირებით, გამოძიებას გააჩნია კითხვები“ - პროკურორი ბაია პატარაიაზე

ქეთევან ჩაჩავა

საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების გამოკითხვა გრძელდება. უკვე 1 საათია გამოძიების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით „საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაია პასუხობს.

„10 დროშაზე არის სულ საუბარი. დროშის შეძენა და მისი ქონა თუ არის დანაშაული, მაშინ დროშის შეძენაში და ქართული დროშის ამაყად ტარებაში ნამდვილად მივიჩნევ თავს დამნაშავედ,“ - აღნიშნა ბაია პატარაიამ.

ბაია პატარაიას გამოკითხვასთან დაკავშირებით, ისაუბრა პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამაც. მისი თქმით, გამოძიებას ბაია პატარაიასთან რამდენიმე კითხვა აქვს.

„რაც შეეხება დღევანდელ მოწმეს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" წარმომადგენელი, რომელსაც გამოთქმული აქვს გარკვეული მოსაზრებები სოციალურ ქსელში პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე, არის მოსაზრებები ელექტროენერგიის გათიშვასთან, საჯარო სამსახურში გაფიცვასთან დაკავშირებით. სწორედ ამ საკითხთან, სოციალურ ქსელში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, გამოძიებას კითხვები გააჩნია - რამდენად ორგანიზებული იყო ეს? ვისთან ჰქონდა კავშირი? და, რატომ ხდებოდა მსგავსი მოსაზრებების გამოთქმით წახალისება აქციის, რომელმაც ძალადობრივი მიმდინარეობა მიიღო,“ - განაცხადა პროკურორმა, ქეთევან ჩაჩავამ.

მუხლი, რომლითაც პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, გულისხმობს საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.

7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დაყადაღებულია.