მარკო რუბიომ ისრაელ-ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა კაია კალასთან, ასევე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ისრაელ-ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან სატელეფონო საუბარი გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„სატელეფონო საუბრისას სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ისრაელ-ირანის კონფლიქტის შესახებ ისაუბრეს. კალასმა და რუბიომ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნების საკითხზე თავიანთი მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამასთან, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბარი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჟან-ნოელ ბაროსთან და დევიდ ლემისთან გამართა.

„მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ და ხელს შეუწყობენ დიპლომატიას, რათა ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს შექმნას“, – აღნიშნულია განცხადებაში.