ლოს-ანჯელესში კომენდანტის საათია

ლოს-ანჯელესი

ამერიკა ზეიმობს, თუმცა შტატების ქუჩებში გამოსულ ადამიანებს არ ეზეიმებათ - არც ტრამპის იუბილე და არც შეერთებული შტატების ეროვნული არმიის 250 წლისთავი.

"არა მეფეებს" - ამ სახელწოდებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2000 დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დონალდ ტრამპის პოლიტიკას აკრიტიკებენ.

ჯორჯიის შტატში გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა, სულ მცირე, რვა ადამიანი დააკავეს.

"ანგელოზების ქალაქში" არეულობის კვირა კომენდანტის საათით დასრულდა. გადაწყვეტილება ვანდალიზმისა და ძარცვის შესაჩერებლად მიიღეს. ლოს-ანჯელესში საღამოს რვა საათიდან დილის ექვსამდე მოქალაქეებს გადაადგილება ეკრძალებათ.

გასულ კვირას, სამართალდამცავების მცდელობის მიუხედავად, საპროტესტო ტალღა არ გაჩერდა და უფრო მეტიც, შტატის სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. საპროტესტო მღელვარებამ მოიცვა ნიუ-იორკი და ტექსასიც. საპროტესტო აქციები გაიმართა კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილსა და დალასშიც.

მწვავე პროტესტისა და არეულობის მიზეზი მიგრანტების წინააღმდეგ დაწყებული რეიდები გახდა. მათ მხარდამჭერად დაწყებული აქციები კი მალევე სამართალდამცველებთან მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები ამერიკელი ძალოვნების წინააღმდეგ ფეიერვერკებს, ბოთლებსა და ქვებს იყენებდნენ.

სამართალდამცავებმა მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები და მანათობელი ხელყუმბარები გამოიყენეს. გასული დღეების განმავლობაში, ლოს-ანჯელესში ხუთასზე მეტი ადამიანი დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია დაშავებულებთან დაკავშირებითაც.

დონალდ ტრამპმა შტატის რამდენიმე ქალაქში დაწყებული აქციები და შეტაკებები ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმად და ამბოხად შეაფასა. საპროტესტო აქციაზე ნიღბების ტარება აკრძალა და ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ქვეითების კონტინგენტი გაგზავნა. ადგილზე 2 000-მდე ჯარისკაცი და 700-მდე საზღვაო ქვეითი განთავსდა.

ამერიკის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ვითარების ესკალაციად მიიჩნია კალიფორნიის გუბერნატორმა.

შეტაკებებმა, რომლებიც ტრამპის ბრძანებით დაწყებულ საიმიგრაციო რეიდებსა და არალეგალი მიგრანტების სადეპორტაციო პროცედურებს მოჰყვა, კიდევ უფრო გააღრმავა შიდა პოლიტიკური დაპირისპირებაც. კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა ამერიკის პრეზიდენტსა და თავდაცვის მდივანს სასამართლოში უჩივლა. იქამდე კი, დონალდ ტრამპმა კალიფორნიის მერსა და გუბერნატორს კომპეტენცია დაუწუნა და დაპატიმრებითაც დაემუქრა.

შეტაკებები იყო აქციის მონაწილეებსა და ეროვნული გვარდიის წევრებს შორისაც.

კალიფორნიაში – ამერიკის უმდიდრეს და უდიდეს შტატში, გასული კვირის დასაწყისში ჩატარებული რეიდების შედეგად, 118 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, მათ შორის მხოლოდ პარასკევს - 44.

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნეს, თუმცა პროტესტი კვლავ გრძელდება. ლოს-ანჯელესის ცენტრში განთავსებულია გვარდიის ცოცხალი ჯაჭვი, რომელმაც მომიტინგეებს უკან დახევა აიძულა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები 7 ივნისს დაიწყო.