ლიმფომა, შესაძლოა, იმუნური სისტემისა და ქსოვილების დაბერებას აჩქარებდეს - კვლევა

ლიმფომა

ახალი კვლევის მიხედვით, ლიმფომა შეიძლება იმუნური სისტემისა და სხვა ქსოვილების ბიოლოგიური დაბერების პროცესს აჩქარებდეს. კვლევა მოფიტის სიმსივნის ცენტრის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათი ნაშრომი ახალ ხედვას გვთავაზობს იმაზე, თუ როგორ ცვლის კიბო სხეულს სიმსივნის ზრდის მიღმა.

აღმოჩნდა, რომ B-უჯრედოვანი ლიმფომა სწრაფად გარდაქმნის იმუნური სისტემის ახალგაზრდა T უჯრედებს. ლიმფომას ისინი გადაჰყავს მდგომარეობაში, რომელშიც T უჯრედები უფრო ასაკოვან ინდივიდებში გვხვდება. ცვლილებები მოიცავდა ანთების გაძლიერებას, ცილების ბალანსის დარღვევასა და რკინის რეგულაციის შეცვლას. დაბერების ნიშნები გამოვლინდა სისხლძარღვებში, თირკმელებსა და ნაწლავებშიც.

„კიბო თავისთვის არ ვითარდება. ის პაციენტებზე მრავალმხრივ ზემოქმედებს. ვიხილეთ, რომ ლიმფომა ორგანიზმში სისტემური დაბერების ნიშნებს აჩენს", — განაცხადა ჯონ კლივლენდმა, კვლევის უფროსმა ავტორმა — "ეს დაგვეხმარა გაგვეგო, თუ რატომ უჩნდება ბევრ პაციენტს ასაკოვანი ადამიანებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები".

მიღებული შედეგები ეჭვქვეშ აყენებს არსებულ ვარაუდს, თითქოს პაციენტებში დაჩქარებული დაბერება მეტწილად ქიმიოთერაპიას უკავშირდება. ეს თერაპია უჯრედებს სწრაფად მატებს ასაკს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამას თავად სიმსივნეც აკეთებს.

„ჩვენი შედეგები ასევე მიგვანიშნებს, რომ კიბოთი გამოწვეული დაბერების ზოგიერთი ეფექტი შექცევადია", — აღნიშნა რებეკა ჰესტერბერგმა, კვლევის ხელმძღვანელმა და მოფიტის სიმსივნის ცენტრის მკვლევარმა — „ბიოლოგიაში გარკვევით შეგვიძლია ისეთ მეთოდებზე დავიწყოთ ფიქრი, რომლებიც არამხოლოდ კიბოს მკურნალობას, არამედ იმუნური სისტემის დაცვას ან თუნდაც აღდგენასაც შეუწყობს ხელს".

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ლიმფომით დაზიანებულ T უჯრედებში ზედმეტი რკინა გროვდებოდა, ამის გამო კი ისინი ფეროპტოზს (უჯრედის კონკრეტული ტიპის სიკვდილი) უძლებდა. ამ უჯრედებს ცილების ხარისხის რეგულაციაც დარღვეული ჰქონდა, რაც ასაკთან არის დაკავშირებული. საინტერესოა, რომ სიმსივნის დამარცხებისას ცხოველთა მოდელებში ზოგი ცვლილება შექცევადი აღმოჩნდა. შესაძლოა, ეს ახალი სამკურნალო სტრატეგიების შემუშავებაში დაგვეხმაროს.