1753387731
ჯინ შაჰინი და ლინდსი გრემი უკრაინაში ანტიკორუფციული ორგანოების შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებენ

ამერიკელი სენატორები, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი ლინდსი გრემი უკრაინაში ანტიკორუფციული ორგანოების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
როგორც სენატორები აღნიშნავენ, ღირსების რევოლუციის შემდეგ უკრაინამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
„ვშიშობთ, უმაღლესი რადას მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული და პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი კანონი ძირს უთხრის ამ პროგრესის დიდ ნაწილს და ეწინააღმდეგება უკრაინის ძლიერ საბრძოლო სულისკვეთებას, ასევე უკრაინის მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინებს“, – ნათქვამია ჯინ შაჰინისა და ლინდსი გრემის განცხადებაში.
სენატორები აღნიშნავენ, რომ უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გაგვრცელებული არგუმენტი არის ის, რომ ქვეყანა კორუფციით იყო მოცული.
„ჩვენ ვაღიარებთ, რომ უკრაინა აგრძელებს პროგრესს ამ ფრონტზე და ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, თავის შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც ამ პროგრესს ძირს უთხრის“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 ივლისს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს. კერძოდ, ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს. აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას უკრაინის ქალაქბში საპროტესტო გამოსვლები და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ქვეყნის პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავი სისტემის სიმტკიცეს და ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის ყველა ნორმის დაცვას.