იტალიის თავდაცვის მინისტრი: დაღუპულ უკრაინელთა რიცხვი შეადგენს 520 ათასს, რუსების კი - ერთ მილიონზე მეტს

კჰკჰ

დაღუპულ უკრაინელთა რიცხვი შეადგენს 520 ათასს, რუსების კი - ერთ მილიონზე მეტს, - განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica ავრცელებს.

მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე და აღნიშნა, რომ „2014 წელს და 2022 წლის თებერვლის შემდეგ უკრაინის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება დღეს ყველასთვის შეუძლებლად მიიჩნევა“.

„რუსეთი მათ არასდროს დათმობს, ხოლო უკრაინას არ ეყოფა ძალა, რომ ისინი თავად დაიბრუნოს - თუნდაც ჩვენი დახმარებით“, - აღნიშნა იტალიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

„პუტინს უკან დახევა იმიტომაც არ შეუძლია, რადგან მან შეცვალა კონსტიტუცია და ოკუპირებული ტერიტორიები „რუსულ“ ტერიტორიებად აქცია, რის შედეგადაც მან თავი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ მოლაპარაკებების წარმოება აღარ შეუძლია“, - დასძინა მან.

კითხვაზე - მზად არის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელი მოაწეროს ყველა ტერიტორიის დათმობას? - იტალიელმა მინისტრმა უპასუხა: „შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირველი ვარაუდი სწორედ დათმობების შესახებ საუბარი იყო…“.

კითხვაზე - შეძლებს თუ არა უკრაინა ოკუპირებული ოთხი პროვინციის დათმობის აღიარებას? - კროზეტომ უპასუხა, რომ „მხოლოდ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, უფრო დიდი მსხვერპლია ტერიტორიების დათმობა თუ სისხლისმღვრელი ომის გაგრძელება, რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს“.

„დაღუპულ უკრაინელთა რიცხვი შეადგენს 520 ათასს, რუსების კი - ერთ მილიონზე მეტს. განსხვავება ის არის, რომ უკრაინელებმა იციან თავიანთი დანაკარგები, რუს ხალხს კი ამაზე წარმოდგენაც არ აქვს“, - დასძინა მან.