თბილისში, ბინაში მცხოვრებმა, კარადაში გველი ნახა
1781293794
იტალიის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
იტალიის პარლამენტში ხუთსაათიანი დებატების შემდეგ დოკუმენტს მხარი 170-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 138 წავიდა, ხოლო სამმა თავი შეიკავა.
რეზოლუციაში უკრაინასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ მთავრობა ვალდებულია „უზრუნველყოს ყველა საჭირო ინიციატივა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, ასევე „გააგრძელოს უკრაინის ინსტიტუტებისა და მოსახლეობის მრავალმხრივი მხარდაჭერა, პარლამენტის სრული ჩართულობით იმ ინიციატივებთან დაკავშირებით, რომლებსაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს“.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ინიციატივებს იმისთვის, რომ „ევროპულმა ინსტიტუტებმა სრულყოფილი პოლიტიკური, ეკონომიკური და ოპერატიული მხარდაჭერა უზრუნველყონ იმ ასოციაციებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიული ომის ჰუმანიტარულ შედეგებს ებრძვიან“.
რეზოლუციაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე პირდაპირი ჩანაწერი არ არის. პირიქით, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით კვლავ დადასტურებულია ის პოზიცია, რომელიც ადრე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ და პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ დააფიქსირეს - პრიორიტეტი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ენიჭება.
დოკუმენტში დამატებით წერია, რომ მთავრობამ „პარლამენტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი ახალი წევრის მიღების ეკონომიკური შედეგების შესახებ“.