ირანთან 12-დღიანი დაპირისპირების შემდეგ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა და ყველა შეზღუდვა მოხსნილია - აღდგა სასწავლო და სამუშაო პროცესი

ნკ

ირანთან 12-დღიანი დაპირისპირების შემდეგ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოხსნილია. აღდგა სასწავლო და სამუშაო პროცესი. გაიხსნა საჰაერო სივრცე, ბენ გურიონის და ჰაიფას აეროპორტები სრული ოპერირების რეჟიმში გადავიდნენ.

მიმართვა გაავრცელა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედრო კამპანია ისტორიულ გამარჯვებად შეაფასა, რადგან ისრაელმა, მისი თქმით, აღმოფხვრა ირანიდან მომდინარე ორი ეგზისტენციალური საფრთხე - ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები.

ისტორიულ გამარჯვებას თავის მხრივ ზეიმობს ირანიც. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, მტერმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს, მათ შორის, ბირთვული ობიექტების განადგურებას და ამ მიმართულებით კვლევის შეწყვეტას.

სამშვიდობო შეთანხმებას ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი დასაშვებად მიიჩნევს ირანში რეჟიმის ცვლილებას და ამასთანავე აღნიშნავს, რომ სურს, რეგიონში ვითარება რაც შეიძლება სწრაფად დამშვიდდეს.