ირანის პრეზიდენტი: რაც მეტად შეეცდება ისრაელი სიტუაციის გამწვავებას, მით უფრო მკაცრი და სასტიკი იქნება ჩვენი პასუხი

მასუდ

ირანი კიდევ უფრო მკაცრი რეაქციით იმუქრება, თუ ისრაელის იერიშებს გააგრძელებს. შესაბამისი განცხადება ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა თეირანში, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა.

„ისრაელმა საზღვარი არ იცის. ისინი იჭრებიან ყველგან, ამერიკის ნებართვით. [აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა] სტივ უიტკოფმა [ირანის საგარეო საქმეთა] მინისტრ არაღჩისთან თქვა, ისრაელი ვერაფერს გააკეთებს ჩვენი ნებართვის გარეშეო. ესე იგი, ის იერიშებიც ამერიკის ნებართვით მოხდა. უძლიერეს პასუხს გავცემთ მათ ნებისმიერ აგრესიას. რაც მეტად შეეცდებიან სიტუაციის გამწვავებას, მით უფრო მკაცრი და სასტიკი იქნება ჩვენი პასუხი. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვცდილობთ ომის გაფართოებას“, - განაცხადა პეზეშკიანმა.

ისრაელმა და ირანმა ერთმანეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება 13 ივნისს დაიწყეს. ისრაელელმა სამხედროებმა ირანზე თავდასხმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის განადგურებით მიზნით დაიწყეს, რის შემდეგაც ირანმა საპასუხო დარტყმების განხორციელება დაიწყო.