ილონ მასკი ძალიან სერიოზულ შედეგებს წააწყდება, დემოკრატ კანდიდატებს თუ დააფინანსებს - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

ილონ მასკი „ძალიან სერიოზულ შედეგებს“ წააწყდება, დემოკრატ კანდიდატებს თუ დააფინანსებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის შედეგები მოჰყვება მსგავს ქმედებას.

„მას ძალიან მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს, თუ ამას გააკეთებს“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას არ სურს მასკთან ურთიერთობის აღდგენა მას შემდეგ, რაც მათ შორის დაპირისპირება ამ კვირის დასაწყისში საჯაროდ გახდა ცნობილი. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ მისი ურთიერთობა Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორთან დასრულდა, ტრამპმა უპასუხა: „მე ვივარაუდებდი, რომ კი, დიახ“.

ტრამპმა მასკი „პრეზიდენტის თანამდებობისადმი უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა.

„ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი რამ არის, რადგან ის ძალიან უპატივცემულოდ იქცევა. პრეზიდენტის ოფისის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა არ შეიძლება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.