ჰონგ-კონგში 200 მილიონი დოლარის კონტრაბანდული ვირის ტყავი ამოიღეს, რომელსაც დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატში იყენებენ

ვირის ტყავი

ჰონგ კონგის საბაჟო სამსახურმა მასშტაბური კონტრაბანდის საქმე გახსნა. ამოღებულია უკანონო საქონელი, მათ შორის, 150 ტონა ვირის ტყავი. მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 200 მილიონ ჰონგ კონგურ დოლარს (დაახლოებით 25 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს. 

სპეცოპერაცია ჩატარდა ორ სხვადასხვა ხომალდზე — ერთზე მდინარის ვაჭრობისთვის განკუთვნილ გემზე და მეორეზე – ოკეანურ სატვირთო ხომალდზე, რომლებიც 3 და 7 ოქტომბერს შემოწმდა.

„7 ოქტომბერს საბაჟო თანამშრომლებმა შეამოწმეს ხუთი კონტეინერი, რომლებიც ოფიციალურად გაყინული საკვების სატრანსპორტოდ იყო დეკლარირებული და ტაივანისკენ მიემართებოდა. შემოწმების შედეგად კი მათში აღმოაჩინეს 150 ტონა ვირის ტყავი,“ – აცხადებენ ჰონგ კონგის საბაჟო და აქციზების დეპარტამენტმა.

ვირების ტყავზე ჩინეთში დიდი მოთხოვნაა — მათ იყენებენ ტრადიციული მედიკამენტების დასამზადებლად, რომლებიც, გავრცელებული რწმენით, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ეხმარება ანემიით დაავადებულ ადამიანებს.

ვირების ტყავზე მზარდმა მოთხოვნამ სერიოზული პრობლემა შექმნა აფრიკაში: საერთაშორისო ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია Network for Animals-ის ცნობით, მხოლოდ კენიაში დღეში დაახლოებით 400 ვირს კლავენ, რათა ჩინეთის ბაზრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

„იმპორტისა და ექსპორტის შესახებ კანონით, ნებისმიერი პირი, რომელიც ბრალდებულად ცნეს არადეკლარირებული ტვირთის შემოტანაში ან გატანაში, დაჯარიმდება 2 მილიონ ჰონგ კონგურ დოლარით ან დაისჯება შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით,“ – განმარტეს საბაჟოში.