გლოვამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს - ახალი კვლევა

გლოვა

 უახლესი კვლევის თანახმად, ახლობლის დაკარგვით გამოწვეულმა მწუხარებამ მგლოვიარეს სიკვდილიც შეიძლება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ განცდით ადამიანი მთლიანად შეპყრობილია.

სამეცნიერო ჟურნალ Frontiers in Public Health-ში გამოქვეყნებული კვლევის ანგარიში მიუთითებს, რომ მგლოვიარე ადამიანები, რომლებსაც მწუხარების სიმპტომების "მაღალი დონე" აღენიშნებათ, უფრო სავარაუდოა, რომ ახლობლის დაკარგვიდან 10 წელიწადში გარდაიცვალონ, ვიდრე ისინი, ვინც "დაბალი დონის" ნაღველს განიცდის.

დასკვნის მისაღებად, დანიელი მკვლევრები 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებას, რომლებმაც ახლობელი დაკარგეს. კვლევაში 1 735 ადამიანი მონაწილეობდა. იმის მიხედვით, თუ მწუხარების რომელ დონეს — მაღალს თუ დაბალს — განიცდიდნენ, მონაწილეები ორ ჯგუფად დაიყვნენ.

კვლევის პერიოდში, გლოვის "მაღალი დონის" მქონე ადამიანების 26,5% დაიღუპა, "დაბალი დონის" მქონე მონაწილეებში კი ეს მაჩვენებელი 7,3%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება მწუხარების ხარისხის განსაზღვრას, მაღალ დონედ მიიჩნიეს მდგომარეობა, როცა ადამიანს მკვლევრების მიერ დასახელებული გლოვის ცხრა სიმპტომიდან ნახევარზე მეტი აღენიშნებოდა. ეს სიმპტომებია უემოციობა ან ცხოვრების ხალისის დაკარგვა, დანაკარგთან შეუგუებლობა და საკუთარი იდენტობის არევა.

სიმპტომებზე მონაცემების შესაგროვებლად, მონაწილეებმა კითხვარები შეავსეს კვლევაში ჩართვისას, ექვსი თვის შემდეგ და სამი წლის შემდეგ. ამასთან, მკვლევრები აკვირდებოდნენ, რამდენად ხშირად მიმართავდნენ მგლოვიარე ადამიანები ჯანდაცვის სერვისებს; როგორც აღმოჩნდა, მწუხარების მაღალი დონის მქონე მონაწილეები უფრო მეტად მიმართავდნენ ანტიდეპრესანტებს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პირველადი მკურნალობის სერვისებს.

ერთ-ერთი მკვლევარი, მეტე კიერგორ ნილსენი, აღნიშნავს, რომ მონაწილეების ეს ჯგუფი ჯერ კიდევ ახლობლის დაკარგვამდე იყო უფრო მოწყვლადი ემოციურად და საჭიროებდა განსაკუთრებულ ზრუნვას. მათი ასეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობის ასახსნელად კი ნილსენი წინა კვლევებს იშველიებს, რომლებიც ხაზს უსვამენ სოციოეკონომიკური სტატუსისა და დეპრესიის თუ შფოთვითი აშლილობის გავლენას ჩვენს მენტალურ კეთილდღეობაზე.

 თუმცა, ინგლისელი კარდიოლოგი და ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის პროფესორი ემერიტუსი შან ჰარდინგი აღნიშნავს, რომ დანიელმა მკვლევრებმა კონკრეტულად გლოვის შედეგების გამოცალკევება შეძლეს. მისი თქმით, კვლევის ერთ-ერთი ღირსება მწუხარების გავლენის გრძელვადიან პერსპექტივაში შეფასებაა.

"სულაც არ გამკვირვებია, რომ სტრესის ეს სახე, მით უფრო, ხანგრძლივი მოქმედებისას, ადამიანის ორგანიზმს აზიანებს", — აღნიშნავს ჰარდინგი, — "ეს დაზიანება განსაკუთრებულად შეიძლება გამოიხატოს გულის დაავადების განვითარებაში, მაგრამ არა მხოლოდ".

მართალია, დანიელებს მგლოვიარე ადამიანების გარდაცვალების მიზეზები არ შეუსწავლიათ, მაგრამ მათი დასკვნა ემთხვევა სხვა, უფრო მასშტაბური კვლევის შედეგებს, რომ მძიმე დანაკარგის განცდა ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც შეიძლება აისახოს. მწვავე სტრესულმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ეგრეთ წოდებული გატეხილი გულის სინდრომიც, იგივე სტრესით გამოწვეული კარდიომიოპათია ან ტაკოცუბოს კარდიომიოპათია.

 პროფესორი ჰარდინგი ამატებს, რომ ხანგრძლივმა გლოვამ, შესაძლოა, გაზარდოს არტერიული წნევა, კორტიზოლის დონე და დიაბეტის განვითარების რისკი. ინგლისელი კარდიოლოგი გატეხილი გულის სინდრომზე ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევასაც იხსენებს, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი მგლოვიარე ადამიანი ახლობლის დაკარგვის წლისთავზე დაიღუპა.

დანიელი მკვლევრების რეკომენდაცია კი მიუთითებს, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა მგლოვიარე ადამიანებში მწუხარების მაღალი დონე დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზევე შეიძლება შენიშნონ და შესაბამისად იმოქმედონ.