როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700
თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ. დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და გაფლანგვაში დახმარების ბრალდებით დაკავებულები, სასამართლო პროცესზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მიიყვანეს.
დაახლოებით ერთსაათიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ვასილ მხეიძეს წინასწარი პატიმრობა ადგილზე თათბირით შეუფარდა და თქვა, რომ სრულად აკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სიტყვის უფლებით მხოლოდ ერთმა ბრალდებულმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ისარგებლა. გიორგი ხაინდრავამ თქვა, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
სახელმწიფო ბრალდება, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების პატიმრობაში დატოვებას, ბრალდებულის მიმალვის, ხელახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის გამო ითხოვდა. ბრალდებულების ადვოკატებმა კი მოსამართლეს სამივე დაკავებულისთვის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართეს, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა და გადაწყვეტილება კონკრეტული არგუმენტებით გაამყარა.
გიორგი ხაინდრავასა და ვლადიმერ ღუდუშაურს დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თავდაცვის სამინისტროსთვის შეძენილი სამედიცინო აპარატურა რამდენჯერმე გადაყიდეს, ყალბი დოკუმენტები დაამზადეს და საფასური ხელოვნურად გაზარდეს. კორუფციული გარიგების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 300 000 ლარზე მეტი გაიფლანგა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.