FT: ევროკავშირი ზეწოლას ახორციელებს ბელგიაზე, რომელიც რუსული აქტივების გამოყენების გეგმის წინააღმდეგია

ევროკავშირი

ევროკავშირი აძლიერებს ზეწოლას ბელგიაზე, გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის „სარეპარაციო კრედიტის“ სახით გამოყენების მიზნით. ინფორმაციას Financial Times-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოქტომბრის დასაწყისში Reuters-ი წერდა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ევროკომისიის გეგმას რუსული აქტივების გამოყენების შესახებ, რომლებიც ბელგიის იურისდიქციის ქვეშ მყოფ Euroclear-ის დეპოზიტარშია გაყინული. იქ დაახლოებით 190 მილიარდი ევროს რუსული აქტივები ინახება. გეგმა არ ითვალისწინებს აქტივების პირდაპირ ექსპროპრიაციას - ამის ნაცვლად, ევროკავშირი უკრაინას ამ სახსრების უზრუნველყოფით 140 მილიარდი ევროს კრედიტს მისცემს. როგორც გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დააზუსტა, ეს თანხა უკრაინის შეიარაღებას მოხმარდება.

გეგმის თანახმად, უკრაინამ კრედიტი მას შემდეგ უნდა დაფაროს, რაც ომი დასრულდება და რუსეთი მიყენებული ზიანის კომპენსაციას დათანხმდება. ამის შემდეგ ევროკომისია თანხას Euroclear-ს დაუბრუნებს და რუსეთი მის გამოყენებას ისევ შეძლებს.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ევროკავშირის სხვა ლიდერებს იმის იურიდიული გარანტიების მიცემა სთხოვა, რომ რუსეთის მხრიდან პოტენციური სარჩელების ან სხვა ქმედებების შემთხვევაში შესაძლო ფინანსურ რისკებს კავშირის ყველა ქვეყანა გაიზიარებს. ამის გარეშე ბელგია თანხის ამოღებას არ ეთანხმება.

როგორც FT აღნიშნავს, ბრიუსელის პოზიციამ ევროკავშირის ზოგიერთ წევრს შორის დაგმობა გამოიწვია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ Euroclear-ის მოგება ბელგიის კორპორაციული გადასახადით იბეგრებოდა.

„[ბელგია] სამი წელი იმეორებდა, რომ Euroclear ბელგიური კომპანიაა და, შესაბამისად, სარგებელიც მას ეკუთვნის. ახლა, როცა ქვეყანას რისკების გაზიარება სურს, აცხადებს, რომ Euroclear ევროპული კომპანიაა“, - განაცხადა ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატმა.

ევროკავშირის ქვეყნები აცხადებენ, რომ უკრაინის მდგომარეობა სოლიდარობას მოითხოვს და აღნიშნავენ, რომ მაგალითად, პოლონეთმა უკრაინისთვის დასავლური იარაღის მთავარი ცენტრი საკუთარ ტერიტორიაზე განათავსა, ხოლო დანიამ F-16 გამანადგურებლები გადასცა ისე, რომ სხვა ქვეყნებისთვის მათი რისკების გაზიარება არ მოუთხოვია.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბელგიისთვის აქ რისკები საკმაოდ შეზღუდულია. ეს არ ნიშნავს, რომ რისკი საერთოდ არ არსებობს და ეს არ ნიშნავს, რომ არ გვინდა ბელგიასთან ძალიან სერიოზულ დისკუსიაში შესვლა... მაგრამ ეს რისკები, სავარაუდოდ, მართვადია“, - თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა.

2022 წლიდან ბელგიის მთავრობამ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებიდან 3.6 მილიარდი ევროს ოდენობის გადასახადები შეაგროვა. როგორც FT აღნიშნავს, მიუხედავად ბელგიის განცხადებებისა, რომ ეს საგადასახადო შემოსავლები მთლიანად უკრაინის მხარდაჭერისთვის არის განკუთვნილი, მთელი თანხა კიევისთვის არ გადაუციათ.