ესპანეთის პრემიერი ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვაზე: არ გამოვრიცხავთ არცერთ ჰიპოთეზას

პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.

მანამდე ესპანეთსა და პორტუგალიაში დენის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა. დენის მასშტაბურმა გათიშვამ ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზება და დიდი საცობები გამოიწვია.

„ევროპის ელექტროსისტემაში ძლიერმა ტექნიკურმა რყევამ გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა, თუმცა კონკრეტულად რა გახდა მისი მიზეზი, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს“, - აღნიშნა ესპანეთის მთავრობის მეთაურმა.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ არცერთ ჰიპოთეზას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩვენს სახლებში ელექტროენერგიის აღდგენაზე“, - დასძინა მან.

მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, კიბერშეტევის ნიშნები არ არსებობს.

პორტუგალიის ოპერატორმა განაცხადა, რომ პორტუგალიაში მომხდარი ელექტროენერგიის გათიშვა გამოწვეული იყო ესპანეთის ელექტროქსელში არსებული ხარვეზით, რომელიც დაკავშირებული იყო იშვიათ ატმოსფერულ მოვლენასთან.