1747938097
Eadaily: „ეს მთელი ევროკავშირის პრობლემაა“ - რუსულმა კიტრმა ევროპა წალეკა

პოლონური მედია ერთხმად აღნიშნავს, რომ რუსეთიდან იმპორტირებული კიტრის დიდი რაოდენობა არის შემოსული. ინფორმაციას გამოცემა Eadaily ავრცელებს.
Eadaily-ს ინფორმაციის თანახმად, რომელიც პოლონურ მედიაში გამოქვეყნებულ მონაცემებს ეყრდნობა, 2025 წელს რუსეთიდან პოლონეთში კიტრის იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა და უკანასკნელ ოთხ წელიწადში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამის მიზეზი მარტივია - ხელსაყრელი ფასი, რომელსაც რუსი ფერმერები სთავაზობენ.
„გასაკვირია, სანქციებისა და ორი ქვეყანას შორის გამძაფრებული მტრობის მიუხედავად ვაჭრობა არა თუ შეჩერდა, არამედ ყვავის. ეს მთელი ევროკავშირის პრობლემაა“, - ციტირებს Eadaily ერთ-ერთ პოლონურ გამოცემას.
პოლონეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და საკვების ხარისხის ინსპექციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც პოლონელებისა და რუსების ბიზნეს ურთიერთობა „სხვა ქვეყნებიდან ახალი ბოსტნეულის გაყიდვის ცდუნებად“ დაახასიათა. ინსპექციის თანახმად, 2025 წლის იანვრიდან მარტამდე რუსეთიდან იმპორტირებული კიტრის 125 პარტია, რომელთა საერთო წონა 2 ათასი ტონაა, შემოწმდა. კიტრის ყველა პარტია კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.
როგორც Eadaily წერს, ანალოგიური ვითარებაა ბალტიის ქვეყნებში. ასე, მაგალითად, ლატვიის აგროკოოპერატივის ხელმძღვანელმა, იანის ბუშსმა განაცხადა, რომ: „იქმნება გამოუვალობის განცდა, როცა აგრესორი ქვეყნის პროდუქცია თავისუფლად ვრცელდება მთელ ევროპაში, ყოველგვარი წესების, მორალის გარეშე“.
მისი თქმით, მიმდინარეობს დისკუსია, თუ როგორ დაუჭირონ მხარი უკრაინას, თუმცა ამავდროულად რუსეთთან მშვიდობიანი ვაჭრობა მიმდინარეობს. ბუშსის თქმით, ეს აბსურდია.