დონალდ ტრამპის მიერ ინდოეთისთვის დაწესებული 50%-იანი ტარიფები დღეიდან ამოქმედდა და ქვეყანა ყველაზე მაღალი ტარიფების გადამხდელ ქვეყნებს შორის მოექცა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინდოეთისთვის დაწესებული 50%-იანი ტარიფები დღეიდან ამოქმედდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტარიფების გადამხდელ ქვეყნებს შორის მოექცა. მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დააწესა.

ტრამპმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების საპასუხოდ მიიღო.

„ბიბისის“ ცნობით, ამან, შესაძლოა, ძლიერი დარტყმა მიაყენოს ინდოეთის ექსპორტსა და ეკონომიკურ ზრდას იმის გათვალისწინებით, რომ აშშ ბოლო დრომდე ინდოეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი იყო.