1747811762
CNN: აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას გეგმავს

ამერიკული დაზვერვა ვარაუდობს, რომ ისრაელი ემზადება დარტყმა მიაყენოს ირანის ბირთვულ ობიექტებს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თეირანთან დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას ცდილობს. ინფორმაციას CNN-ი რამდენიმე ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ამერიკელი ჩინოვნიკები ამბობენ, თუ ისრაელი ასეთ თავდასხმას გაბედავს, ეს იქნება გამოწვევა ტრამპისთვის და, შესაძლოა, უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს.
როგორც ტელეარხი იუწყება, ისრაელის ხელმძღვანელობას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თავად აშშ-ის მთავრობაშიც არსებობს აზრთა სხვაობა იმის გარშემო, წავა თუ არა ისრაელი ასეთ ნაბიჯზე.
„ისრაელის მხრიდან ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის ალბათობა უკანასკნელ თვეებში საკმაოდ გაიზარდა. ხოლო ტრამპის შუამავლობით აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა, რომელიც ირანული ურანის ქვეყნიდან გატანას გულისხმობს, სავარაუდო დარტყმას უფრო რეალისტურს ხდის“, - ციტირებს ტელეარხი ერთ-ერთ ამერიკელ ჩინოვნიკს.