ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით - საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ირანის, იორდანიის, ერაყის, პაკისტანისა და ინდოეთის - ჯამში 5 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"დადგინდა, რომ დაკავებული პირები "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე.

გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით." - ნათქვამია განცხადებაში.