1747078777
ChatGPT-ის მკითხაობის შემდეგ, საბერძნეთში ქალი ქმარს დაშორდა

საბერძნეთში ქალმა ქმართან განქორწინება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ChatGPT-მ ყავის ნალექზე მკითხაობისას კაცი სავარაუდო ღალატში ამხილა.
მედიის ინფორმაციით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქალმა ოჯახის მომავლის გაგება გადაწყვიტა. მან ყავა მოიდუღა, ნალექის ფოტოები კი ChatGPT-ში ატვირთვა და ხელოვნურ ინტელექტს მათი ინტერპრეტირება სთხოვა.
ChatGPT-მ ივარაუდა, რომ მომავალში მისი ქმარი ახალგაზრდა ქალს გაიცნობს და ცოლს უღალატებს. ხელოვნურმა ინტელექტმა ნალექში შესაძლო საყვარლის ინიციალებიც კი გამოყო. ამის შემდეგ ქალმა ქმარი სახლიდან გააგდო, 3 დღის შემდეგ კი განქორწინებაზე შეიტანა განცხადება.
„მე ამ ყველაფერზე მეცინებოდა, თუმცა ჩემმა ცოლმა ყველაფერი სერიოზულად აღიქვა. წასვლა მთხოვა, ჩვენს შვილებს კი უთხრა რომ ვშორდებით. შემდეგ ადვოკატმა დამირეკა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს უბრალო ლაპარაკი არ იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს პოტენციურმა მოღალატემ.
წყვილი ერთად 12 წლის განმავლობაში იყო.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ChatGPT ოჯახის დანგრევის მიზეზი ხდება. მანამდე ამერიკაში ქალმა 20-წლიანი ქორწინების შემდეგ მიატოვა ქმარი ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობის გამო. ქალი ამტკიცებდა, რომ სწორედ ხელოვნურ ინტელექტთან იგრძნო პირველად რას ნიშნავს, როცა ვიღაცას უყვარხარ.