„ბლუმბერგი“ - ვაშინგტონი NATO-რუსეთის საბჭოს მუშაობის აღდგენის შეთავაზებით გამოვიდა

nato-ruseti

შეერთებული შტატები ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის აღდგენის შეთავაზებით გამოვიდა, – ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, მოსკოვი დღემდე თავს არიდებს აშშ-ის შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მოიცავს კონფლიქტის გაყინვას, აშშ-ის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას, ასევე აშშ-ის სანქციების გაუქმებას.

ამავე დროს, როგორც „ბლუმბერგის“ სტატიაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებს მომზადებული აქვს ახალი იდეა, რომელმაც შეიძლება, დააინტერესოს რუსეთის ფედერაცია.

„მას შემდეგ, აშშ-მა შეთავაზებას ახალი დეტალები დაამატა, კერძოდ, ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების განახლება“, – ნათქვამია სააგენტოს პუბლიკაციაში.

ნატო-რუსეთის საბჭო გახლავთ ორგანო, რომელიც შეიქმნა „ცივი ომის“ შემდეგ უსაფრთხოების საკითხებზე ორმხრივი პარტნიორობისთვის. ამ საბჭომ შეწყვიტა საქმიანობა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

საბჭოს ბოლო სხდომა 2022 წლის 12 იანვარს ბრიუსელში გაიმართა. მასზე განიხილებოდა რუსეთის მოთხოვნები „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ, რომლებიც ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უარყვეს.