ბელგრადში, აქციაზე მომხდარი შეტაკებების შედეგად პოლიციამ 37 დემონსტრანტი დააკავა

ბელგრადი

ბელგრადში, აქციაზე მომხდარი შეტაკებების შედეგად სერბეთის პოლიციამ 37 დემონსტრანტი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მოხდა.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს სხვადასხვა ნივთები დაუშინეს, საქმეში პოლიცია ჩაერია, პრეზიდენტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს განარიდა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით 37 ადამიანი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების გაღიზიანება, სერბეთის პრეზიდენტის მხარდამჭერების მიერ დინამიკებში ჩართულმა ხმამაღალმა მუსიკამ გამოიწვია.

ბელგრადში პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები დიანა ჰრკას მიერ გამოცხადებული შიმშილობის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. სწორედ მისი შვილი არის რკინიგზის სადგურის ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ 16 ადამიანს შორის ერთ-ერთი.

ბელგრადის გარდა, ანტისამთავრობო აქცია ნოვი სადსა და კიდევ რამდენიმე ქალაქშიც გაიმართა, სადაც მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ.

ცნობისთვის, შაბათს სერბეთის ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი უბედური შემთხვევიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. 2024 წლის პირველ ნოემბერს ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევის შემდეგ სერბეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ქვეყნის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. შედეგად, ქვეყნის მშენებლობის მინისტრმა, გორან ვესიჩმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით ის და კიდევ 12 პირი დააკავეს, თუმცა დღემდე არცერთის პასუხისგების საკითხი არ დამდგარა. პოსტი დატოვა პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმაც, თუმცა ამით საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა და ის პერიოდულად კვლავ იმართება.