ისრაელში ამ წუთებში განგაშის სიგნალი ისმის - ირანმა რაკეტები გაუშვა
1750094633
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ პარასკევს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ბოლო დღეებში ირანის ბირთვულ ობიექტებისთვის დამატებითი ზიანი არ მიყენებულა.
აღნიშნულის შესახებ რაფაელ გროსიმ სააგენტო მმართველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. რაფაელ გროსის განცხადებით, ნათანზის ობიექტის გარშემო რადიაციის დონე უცვლელია და ნორმის ფარგლებს შეესაბამება, თუმცა თავად ობიექტის შიგნით შეინიშნება რადიოლოგიური და ქიმიური დაბინძურება.
„ნათანზის საწვავის გამდიდრების ობიექტზე დამატებითი დაზიანება არ მომხდარა პარასკევის თავდასხმის შემდეგ, რის შედეგადაც განადგურდა საწვავის გამდიდრების საპილოტე ქარხნის მიწისზედა ნაწილი. ასევე განადგურდა ობიექტის ელექტროინფრასტრუქტურა, რაც მოიცავს ელექტროქვესადგურს და სათადარიგო გენერატორებს. არ ყოფილა ფიზიკური თავდასხმის რამე ნიშნები მიწისქვეშა დარბაზზე, რომელიც მოიცავს საწვავის გამდიდრების საპილოტე ქარხანას და საწვავის გამდიდრების მთავარ ქარხანას, თუმცა ელექტრომომარაგების შეწყვეტამ შესაძლოა, იქ განთავსებული ცენტრიფუგები დააზიანა“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.
რაფაელ გროსის თქმით, ასევე არ დაფიქსირებულა რამე დაზიანება ფორდოს ბირთვულ ობიექტსა და ხონდაბის მშენებარე რეაქტორზე. მისი ცნობით, ბოლო თავდასხმების სამიზნე არ ყოფილა ბუშერის ბირთვული ელექტროსადგური და თეირანის კვლევითი რეაქტორი.
პარასკევის თავდასხმის დროს დაზიანდა ისფაჰანის ბირთვული სადგურის ოთხი შენობა. ნათანზის, ობიექტების ფარგლებს გარეთ რადიაციული დონე უცვლელი რჩება. რაფაელ გროსის თქმით, ატომურ ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანში დარჩება და შემოწმებებს გააგძელებს მაშინ, როდესაც ამის საშუალებას უსაფრთხოების სიტუაცია მისცემს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მზად არის, რეაგირება მოახდინოს ბირთვული ან რადიაციული საგანგებო მდგომარეობის წარმოქმნის შემთხვევაში.