ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1761677155
აშშ-მა სამხრეთ კორეასთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ლი ჯე მიუნგის მიერ ორგანიზებული ვახშმის წინ დასმულ კითხვას, მიღწეულია თუ არა ორ ქვეყანას შორის შეთანხმება, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ. ის თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ“.
აშშ-ის პრეზიდენტს ორ ქვეყანას შორის შეთანხმების დეტალები არ დაუკონკრეტებია.
გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების მიღწევის გამოცხადებიდან მალევე, ვონის კურსი დოლართან მიმართებაში 0.54%-ით გაიზარდა.
როგორც უცხოური მედია წერს, სავაჭრო გარიგების არარსებობის შემთხვევაში, სამხრეთ კორეის ავტომობილებისა და ფოლადის მწარმოებლებმა, ივლისში შეთანხმებული 15%-ის ნაცვლად, 25%-იანი ტარიფები უნდა გადაიხადონ. ეს მათ არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს იმ იაპონელ კონკურენტებთან შედარებით, რომლებიც ტოკიოსა და შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმების შემდეგ 15%-იან ტარიფს იხდიან.
ცნობისთვის, ტრამპი-ლის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის აზიური ტურნეს ფარგლებში გაიმართა, რომელიც მალაიზიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის 47-ე სამიტით დაიწყო. როგორც სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები აცხადებენ, აშშ-ში 350 მილიარდი დოლარის ინვესტირებასთან დაკავშირებით, ქვეყნების აზრები ისევ გაყოფილია, რადგან სეული თანხის შემცირებას სესხებისა და სესხის გარანტიების წილის გაზრდით ცდილობს.