აშშ და ევროპელი მოკავშირეები უკრაინაში 30- დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე მუშაობას მალე დაასრულებენ - „როიტერი“

ომი

აშშ და ევროპელი მოკავშირეები მალე დაასრულებენ უკრაინაში 30-დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზების მომზადებას, ხოლო რუსეთი თუ უარს იტყვის, მოსკოვს ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან ახალი სანქციები ელოდება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, განიხილება ორი მიდგომა, ან ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება, ან რუსეთისთვის პასუხის გასაცემად გარკვეული ვადის მიცემა.

„უახლოეს საათებში ან დღეებში შეიძლება, გამოცხადდეს ზავი, ან 30 დღით, ან ნაწილობრივი, ეტაპობრივი. ეს ვარიანტები ჯერ კიდევ განიხილება“, – განაცხადა „როიტერის“ წყარომ.

წყაროს თქმით, მოლაპარაკებები ევროპასა და აშშ-ს შორის გასული კვირიდან გააქტიურდა.

„ამერიკელებთან განხილვების დროს ჩვენ ვიგრძენით გარკვეული გაღიზიანება რუსეთის პოზიციის მიმართ, რეაქციის არარსებობისა და მოსკოვის პასუხებში სერიოზულობის ნაკლებობის გამო“, – აღნიშნა წყარომ.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 8 მაისს მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას 30-დღით უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ და დაიმუქრა, რომ ზავი თუ არ იქნება დაცული, აშშ დამატებით სანქციებს დააწესებს. უკრაინამ აშშ-ის შეთავაზების მისაღებად მზადყოფნა გამოთქვა.