1750017082
ამერიკული ავიამზიდი სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება - „როიტერი“

ამერიკული ავიამზიდი სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ვებგვერდ Marine Traffic-ის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
ავიამზიდი ამ კვირის ბოლოს ვიეტნამის ქალაქ დანანგში უნდა ჩასულიყო, მაგრამ როგორც „როიტერს“ წყარომ განუცხადა, მისი ოფიციალური მიღება, რომელიც 20 ივნისს იყო დაგეგმილი, გაუქმდა.
სააგენტოს წყაროს თქმით, აშშ-ის საელჩომ ჰანოიში განაცხადა, რომ დანანგში ავიამზიდის შესვლა „გადაუდებელი ოპერაციული აუცილებლობის“ გამო გაუქმდა.
აშშ-ის საელჩოს „როიტერის“ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის ვებგვერდის მიხედვით, გასულ კვირას ავიამზიდმა USS Nimitz-მა „ინდო-წყნაროკეანურ რეგიონში აშშ-ის საზღვაო ძალების რეგულარული ყოფნის ფარგლებში“ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციები ჩაატარა.