„სახლში გაკეთებული აჯაფსანდალი აქვს ნაჭამი...“ - რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურის ტრაგედიაზე
1749152746
ბრიტანელი ბავშვი, ჯოზეფ ჰარის-ბირტილი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც მაღალი IQ-ს მქონე ადამიანების ექსკლუზიური საზოგადოების წევრი გახდა. ის 2021 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. იგი Mensa-ს წევრი მაშინ გახდა, როცა 2 წლის და 182 დღის იყო. ამით ჯოზეფი გინესის რეკორდებში მოხვდა.
კლუბში მისაღებად IQ ტესტის მინიმალური ქულაა 132 — ეს მაჩვენებელი მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 2%-ს აქვს. ჯოზეფის მშობლები წმინდა ენდრიუსის უნივერსიტეტში ასწავლიან. მათ ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ჯოზეფს ამ ქულის მიღება შეეძლო.
"მისი დაბადებიდან მალევე მივხვდით, რომ ჯოზეფი განსაკუთრებული იყო", — აღნიშნა გინესის რეკორდებთან ინტერვიუში ჯოზეფის დედამ, როუზმა — "მან პირველი სიტყვა 7 თვის ასაკში თქვა. ხოლო 1 წლის და 3 თვის ასაკში კი უკვე ხმამაღლა კითხულობდა. 2 წლის და 3 თვის ასაკში 10 წუთის განმავლობაში გადაბმულად კითხულობდა. გარდა ამისა, 10-მდე დათვლა 5 ენაზე შეეძლო, მხოლოდ ინგლისურად კი 100-მდეც".
ჯოზეფმა ბერძნული ანბანიც იცის. ამჟამად ის მორზეს ანბანისადა პერიოდული სისტემის შესწავლითაა დაინტერესებული. ის ძალიან ცნობისმოყვარე ბავშვია. მას შემდეგ, რაც მშობლებმა ჯოზეფის უნიკალურობა შენიშნეს, ინტერნეტში რესურსების ძიება დაიწყეს. სწორედ ასე გაიგეს, რომ Mensa-ში გაწევრიანება ბავშვებსაც შეუძლიათ.
Mensa მაღალი IQ-ს მქონე ადამიანების უმსხვილესი და უძველესი ორგანიზაციაა. ის 1946 წელს დაარსდა. იქ ამჟამად 140 000 ადამიანია გაწევრიანებული.
ამისდა მიუხედავად, ადამიანის ინტელექტის ქულებით გაზომვის საკითხს ბევრი სკეპტიკურად უყურებს. IQ ტესტები ფსიქოლოგმა ალფრედ ბინემ შექმნა. მათი თავდაპირველი მიზანი დასწავლის პრობლემების მქონე ბავშვების გამოვლენა იყო, რათა მათ შესაბამისი მხარდაჭერა ჰქონოდათ. აქედან გამომდინარე, ტესტების მიზანი ზრდასრული ადამიანის ფიქსირებული ინტელექტის დონის განსაზღვრა არ ყოფილა.
ბინეს გაფრთხილების მიუხედავად, ადრეული IQ ტესტები ევგენიკის მიმდევრებმა იძულებითი სტერილიზაციისა და საიმიგრაციო შეზღუდვების დასაწესებლად გამოიყენეს. თავისთავად, დღეს ტესტებს ასე აღარავინ იყენებს. მიუხედავად ამისა, ეს მაინც საკამათო საკითხად რჩება. კრიტიკოსებს თუ დავუჯერებთ, IQ ტესტები ინტელექტის მხოლოდ ვიწრო არეალს ზომავს — მეხსიერებას, ვერბალურ მსჯელობასა და სივრცულ აზროვნებას. ტესტი ემოციური, შემოქმედებითი, სოციალური და კულტურული ტიპის ინტელექტს უგულებელყოფს. გარდა ამისა, ტესტის საბოლოო ქულაზე შესაბამისი მზაობა და განათლებაზე წვდომაც მოქმედებს.
IQ ტესტის ქულის პერმანენტულ იარლიყად გამოყენებამ შეიძლება ადამიანის პოტენციალი შეზღუდოს. საბოლოო ჯამში, შესაძლოა, IQ ძალიან სასარგებლო საშუალებაც იყოს — მხოლოდ მაშინ, თუ მას ფრთხილად გამოვიყენებთ და არა ადამიანის ღირებულების ან უნარების გადამწყვეტ საზომად.