1696234801
„ცოლი რომ შეირთო, „მხიარული რომანი“ ახალი გამოსული იყო“... - 16 აპრილი რამაზ გიორგობიანის დაბადების დღეა

თბილი, საყვარელი, სევდიანი, იუმორით სავსე და უნიჭიერესი – ასე ახასიათებენ რამაზ გიორგობიანს ის ადამიანები, ვინც მსახიობს პირადად იცნობდა.
რამაზ გიორგობიანის გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ის 49 წლის ასაკში ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა.
რამაზ გიორგობიანი – „გიორგობისთვე”, „მხიარული რომანი”, „სერენადა”, „ქოლგა”, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში”, „ფილატელისტის სიკვდილი” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მსახიობმა რამაზ გიორგობიანმა მიიღო მონაწილეობა.
მისი კინოკარიერა სრულიად მოულოდნელად დაიწყო. ამბობენ, რომ ის ოთარ იოსელიანის აღმოჩენაა, რომელიც ფილმზე „გიორგობისთვე” მუშაობდა და მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა.
და და ოთარ იოსელიანის ასისტენტს მათემატიკის ოლიმპიადაზე უნახავს, ტიპაჟი მოსწონებია.
ამ ფილმით და რამაზ გიორგობიანის ტიპაჟით, რეჟისორმა ქართულ კინოში, ახალი გმირი შემოიყვანა. მისი წარმატება, ოთარ იოსელიანის დამსახურება გახლდათ, რადგან კინოში ფეხი მან აადგმევინა.
ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა მისი პირველი დებიუტი ფილმში - „გიორგობისთვე“ შედგა, რომელიც რეჟისორ ოთარ იოსელიანის პირველი ფილმი იყო.
გთავაზობთ ამონარიდს პრაიმტაიმის საარქივო ინტერვიუდან, სადაც რამაზის შესახებ მისი და თეატრალური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ქუთაისის თეატრის მთავარი რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე საუბრობს:
- მისი პირველი პროფესია...
55 -ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, იმ დროს, ილია ვეკუა იყო რექტორი.
ერთ-ერთ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და დაჯილდოების დროს, ბ-ნ ოთარ იოსელიანის მენეჯერმა, შემთხვევით აღმოაჩინა. ბ-ნი ოთარი „გიორგობისთვეს“ იღებდა და ახალ სახეს ეძებდა. ძალიან მოეწონა და მაშინვე ფილმზე დაამტკიცა.
ამის შემდეგ, ფილმში „იყო შაშვი მგალობელი“ უნდოდა გადაღება, მაგრამ რამაზმა უარი უთხრა, რადგან თენგიზ აბულაძისთვის თანხმობა ჰქონდა მიცემული ფილმში „სამკაული სატრფოსთვის“ (ბაჰადური) მონაწილეობის მისაღებად. მახსოვს, ოთარს ძალიან ეწყინა, მაგრამ თენგიზს უარი ვერ უთხრა.
- უკვე თეატრალურის სტუდენტი იყო?
იმ პერიოდში, ჯერ კიდევ უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტიდან, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადავიდა, რადგან გადაღებების გამო, ძალიან ბევრი გაცდენა ჰქონდა.
საკმაოდ კარგად წერდა და ამიტომ ბ-ნმა ილია ვეკუამ, სპეციალობის შეეცვალა ურჩია. ასეც მოხდა, დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, დიპლომი რომ აიღო, გადაწყვიტა მოსკოვში „ВГИК“ -ში ჩაბარება, უკვე „მოწამლული“ იყო კინოთი.
ზუსტად იმ წელს, თენგიზ აბულაძემ, ლანა ღოღობერიძემ და რეზო ჩხეიძემ თეატრალურ ინსტიტუტში, კინო-ფაკულტეტი გახსნეს. სწორედ, ამის გამო, აღარ მოინდომა მოსკოვში გამგზავრება და თენგიზ აბულაძის სტუდენტი გახდა.
- სამწუხაროდ, ხანმოკლე ცხოვრებით იცხოვრა, მაგრამ დღემდე ლეგენდარულ მსახიობად დარჩა, მისი თითქმის ყველა ფილმი, გენიალურია...
ასე გამოდის, რამაზმა ახალი სახე შექმნა ქართულ კინოში - „ქოლგა“, „სერენადა“ და უამრავი სხვა.
- ფილმში „ქოლგა“ მართლაც საოცარი ტიპაჟი შექმნა, ცეკვავდა კიდეც?
არასდროს უცეკვია, ამ ფილმში, ცეკვის მართლაც საოცარი პლასტიკა აჩვენა. ძალიან ნიჭიერი იყო, სამწუხაროდ, არავის გამოგვყვა რამაზის ნიჭი. საოცრად სრიალებდა თხილამურზე, ხატავდა, ფეხბურთს ისე კარგად თამაშობდა, „დინამოშიც“ კი აიყვანეს. სტუდენტობის პერიოდში აარჩიეს უნივერსიტეტიდან და ავარჯიშებდნენ.
- რატომ დაანება ფეხბურთს თავი, იმ დროს „დინამოში“ მოხვედრა, საკმაოდ რთული იყო....
ამბობდა, სულ ფეხებს მირტყამდნენ, ბუცები მხვდება, მამტვრევენ ყველაფერს, აღარ მინდა, უნდა დავანებოო. რა საქმესაც ხელს ჰკიდებდა, უმაღლეს დონეზე ასრულებდა, თითქმის, ყველა სფეროში ნიჭს ავლენდა.
- რამაზის ოჯახზე მოგვიყევით...
ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე ნუნუკა ქიქოძე, ქალიშვილი თიკო გიორგობიანი და შვილიშვილი - დაჩი მხეიძე. თიკო, სამწუხაროდ მამის კვალს არ გაჰყვა, უცხო ენების სპეციალისტია. ბავშვობაში კარგად მღეროდა, მაგრამ რატომღაც მალე დაანება თავი.
ერთი შვილი ჰყავს დაჩი, პროფესიით - კომპიუტერული ტექნოლოგიები, როგორც ჩანს, რამაზის ნიჭი გამოჰყვა.
ნუნუკა, ძალიან მორიდებული ქალბატონია, თუ ვინმე ჟურნალისტი დაურეკავს, ჩემთან ამისამართებს, არ შემიძლია ლაპარაკიო.
როცა ცოლი შეირთო, უკვე პოპულარული იყო, ფილმი - „მხიარული რომანი“ ახალი გამოსული იყო. 5 წელი შეყვარებულები იყვნენ, დედაჩემი და ნუნუკას დედა, მეგობრები იყვნენ და სამომავლოდ, დანათესავდნენ კიდეც.
ფილმის „მხიარული რომანი“ გამოსვლის შემდეგ, ყველა ხათუნა კოტრიკაძეზე ეჭვიანობდა, რამაზი და ხათუნა გაგიჟებულები იყვნენ, ყველას ცოლ-ქმარი ეგონა, რადგან ერთად ითამაშეს... სრულად