ყველა, ვინც პროცესში იქნება ჩართული, მკურნალობით უნდა იყოს დაკავებული და არა მკურნალობის ნიღბის ქვეშ საპირისპირო საქმეს აკეთებდეს, ლეგალურად აწვდიდეს ნარკოტიკს ადამიანს – მიხეილ სარჯველაძე

სარჯველაძე

რთული თემა არის სტატისტიკა. მაგალითად, გვეუბნებიან, რომ ზიანის შემცირებისთვის აუცილებელია კონფიდენციალურობის დაცვა, ანუ სახელმწიფოს არავითარ ინფორმაციაზე არ უნდა მიუწვდებოდეს ხელი. ესეც ძალიან რთული ამბავია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

"არასდროს მომხრე არ ვარ, როგორც იტყვიან, ყველას ერთ ქვაბში მოხარშვის. უნდა ვთქვათ, რომ ასევე ძალიან რთული თემა არის სტატისტიკა. პრინციპები და მიდგომები ემთხვევა კომერციულ ინტერესს. მაგალითად, გვეუბნებიან, რომ ზიანის შემცირებისთვის აუცილებელია კონფიდენციალურობის დაცვა, ანუ სახელმწიფოს არავითარ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდეს. ესეც ძალიან რთული ამბავია. პერსონალურ ინფორმაციაზე არ არის საუბარი. ანალიტიკური უნარებიც, ანალიტიკური შესაძლებლობებიც არის უკიდურესად შემცირებული, დასუსტებული. ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ მხოლოდ სახელმწიფოსგან მართული დაწესებულებების მხრიდან ფუნქციის შესრულებაზე, სტატისტიკასა და მაჩვენებლებზე. რა თქმა უნდა, როდესაც პარალელურად არსებობს ის სივრცე, რომელსაც კერძო ჰქვია და ვერ აკონტროლებ, ბუნებრივია, ამის შესაძლებლობა რადიკალურად შემცირებულია. ამიტომ, ესეც პრობლემაა. ამ თვალსაზრისითაც, სახელმწიფოს ხელში ყველაფრის თავმოყრა, იმავდროულად, როგორც პრემიერ-მინისტრმა სწორად შენიშნა, სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს, რომ არსებითად გაიზრდება, უკეთესი გახდება იგივე ანალიტიკური შესაძლებლობები. სახელმწიფო და ყველა, ვინც ამ სექტორში, მკურნალობის პროცესში იქნება ჩართული, უნდა იყოს ორიენტირებული, მკურნალობით იყოს დაკავებული და არა მკურნალობის ნიღბის ქვეშ სრულიად საპირისპირო საქმეს აკეთებდეს, უბრალოდ, ლეგალურად აწვდიდეს ნარკოტიკს ადამიანს, რომელსაც ამისი მოხმარების სურვილი აქვს. მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს იმაზე, რომ შედეგზე ორიენტირებული იყოს, ანუ ადამიანების განკურნებაზე. ეს არ არის მარტივი ამოცანა, ასივე პროცენტის შემთხვევაში არ არის შესაძლებელი მარტივად დაძლევა, მაგრამ ამბიციური გეგმის სახით სახელმწიფომ უნდა დაისახოს და ყველაფერი გააკეთოს ამ ყველაფრის შესასრულებლად. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კითხვაზე, "რამდენად შესწევს უნარი ჯანდაცვის სამინისტროს, ამდენად მნიშვნელოვანი ტვირთი იტვირთოს, როდესაც საუბარია ინფრასტრუქტურაზე, თუნდაც რამდენად არსებობს ადამიანური რესურსი?", რაზეც სარჯველაძემ აღნიშნა:

„იმ დონის პრიორიტეტიზაციის პირობებში, როგორიც დღეს გვაქვს, ეს ხელგვეწიფება. სრულიად გაბედულად შემიძლია ვთქვა, რომ არ იქნება მარტივი გზა. ეს მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს, განსაკუთრებით, როცა მკურნალობის ეფექტიანობაზე გვექნება საუბარი. ერთ დღეში, ერთ კვირაში, თუნდაც ერთ თვეში მიღწევადი რეზულტატი არის, თუმცა ამ კალაპოტში პროცესების ჩაყენება შესაძლებელი და აუცილებლობით ნაკარნახევი ნაბიჯია. ამიტომ, რეფორმა სწორად გაცხადდა, სწორად დაიგეგმა და სწორად განხორციელდება“.