გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს
1788723174
მენოპაუზის შემდეგ ქალებში ყავის დიდი რაოდენობით მოხმარებამ შესაძლოა ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივე გაუარესოს. ამ სამეცნიერო აღმოჩენის შესახებ Fox News-ი წერს.
როგორც აღინიშნება, ასეთ დასკვნამდე ფლინდერსის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა 10-წლიანი პერიოდის განმავლობაში შეაფასეს 65 წლიდან ასაკის 9 704 ქალის მიერ ყავისა და ჩაის მოხმარების მაჩვენებლები. ამ დროის განმავლობაში ისინი მონაწილეთა ძვლის მინერალურ სიმკვრივეს ბარძაყის ყელისა და ბარძაყის მიდამოში ზომავდნენ — სწორედ იმ ადგილებში, სადაც ოსტეოპოროზთან დაკავშირებული მოტეხილობები ყველაზე ხშირად ხდება.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ჩაის მოხმარება უკავშირდებოდა ბარძაყის ძვლის უფრო მაღალ საერთო მინერალურ სიმკვრივეს, მაშინ როდესაც დღეში 5 ჭიქაზე მეტი ყავის დალევა ძვლების უფრო დაბალ მინერალურ სიმკვრივესთან იყო ასოცირებული. ამასთანავე, ყავის ზომიერ მოხმარებას — დაახლოებით 2–3 ჭიქას დღეში — ძვლების ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია, ნათქვამია სტატიაში.
კვლევამ ასევე გამოავლინა განსხვავებები ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის სხვა ფაქტორების მიხედვით. ყავა ძვლის მინერალურ სიმკვრივეს ამცირებდა იმ ქალებში, რომლებიც მეტ ალკოჰოლს მოიხმარდნენ, მაშინ როდესაც ჩაისა და ძვლის სიმკვრივეს შორის დადებითი კავშირი უფრო გამოკვეთილი იყო ჭარბწონიან ქალებში.
რა არის ოსტეოპოროზი?
მეცნიერთა აზრით, ოსტეოპოროზი, ანუ ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შემცირება, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერიოზული გლობალური პრობლემაა, რომელიც სხვადასხვა ასაკის, სქესისა და ეთნიკური წარმოშობის ადამიანებს ეხება“.
კვლევის თანახმად, მთელ მსოფლიოში 50 წლისა და უფროსი ასაკის დაახლოებით ყოველი მესამე ქალი და ყოველი მეხუთე მამაკაცი იტანჯება ოსტეოპოროზთან დაკავშირებული მოტეხილობებით. ქალები განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, რადგან მენოპაუზის შემდეგ მათთან ძვლოვანი ქსოვილის დანაკარგი მეტად შეინიშნება.
მეცნიერებმა განმარტეს, რომ ყავას, ჩაისა და ძვლების ჯანმრთელობას შორის კავშირს იმიტომ იკვლევდნენ, რომ კვებითი ფაქტორები „გადამწყვეტ როლს თამაშობენ არაგადამდები დაავადებების პროფილაქტიკაში და შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ძვლების ჯანმრთელობაზე“, ხოლო ყავა და ჩაი მსოფლიოში ორ ყველაზე პოპულარულ სასმელს წარმოადგენს.