Farhad - ამ სპარსული სახელით მოქმედებდა წარსულში „ჰენრი ჯონსის“ ტელეგრამის ანგარიში

აფიორა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ-ის "ჰენრის პირამიდის" საქმეზე გამოძიება დაიწყო.

TSQ-ი მომხმარებლებს კრიპტოაქტივებით ვაჭრობაში ინვესტირებასა და ამ გზით თანხების გამომუშავებას სთავაზობდა, თუმცა, აგვისტოს ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხმარებლები თანხის გატანას ვეღარ ახერხებენ.

ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან საქართველოში არაერთი ფინანსური პირამიდა მოქმედებდა, რომლის შედეგად ათასობით ადამიანმა საკუთარი დანაზოგი დაკარგა. არც თუ სახარბიელო გამოცდილების მიუხედავად, ფაქტია, რომ ადამიანების ნაწილი შეგნებულად თუ გაუაზრებლად, სწრაფად გამდიდრების საეჭვო შეთავაზებებით კვლავ ტყუვდება.

ჰენრი ჯონსის მადლიერი მიმდევრების კომენტარები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში მრავლად გვხვდება... ე.წ. ამერიკელი პროფესორის გარშემო შექმნილი მითი ათასობით ადამიანმა დაიჯერა. TSQ invesment ის პლატფორმაა, სადაც მოქალაქეებს მინიმუმ 500 ამერიკული დოლარის ოდენობით ინვესტიციის ჩადებას სთავაზობენ. პირდებიან, რომ განსაკუთრებული უნარების მქონე პროფესორი ჰენრი ჯონსი ამ თანხით კრიპტობირჟაზე 100 პროცენტიანი სიზუსტით ვაჭრობს და რომ მოგება მომენტალურად მათ ანგარიშზე აისახება. სანაცვლოდ, ინვესტიციის მსურველს მხოლოდ პლატფორმის მიერ გამოგზავნილი სიგნალების გააქტურება ევალება.

ანუ მოქალაქეებს არწმუნებენ, რომ სმარტფონზე თითის ერთი დაწკაპუნებით სერიოზულ სარგებელს მიიღებენ და რომ ეს სარგებელი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ სქემაში სხვა ადამიანებსაც მოიზიდავენ. სწორედ აქ გაჩნდა პირველი ეჭვები და კითხვა - რატომ უნდა იყოს საინვესტიციო შემოსავალი დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ახალ ადამიანს აწევრიანებს პოტენციური ინვესტორი პლატფორმაზე?

იდუმალი ფინანსური გურუს სახელი ქართულ ინტერნეტ სივრცეში გასულ წელს გამოჩნდა და ბოლო თვეებში პოპულარობა სწრაფად მოიპოვა. განსაკუთრებით ქართველ ემიგრანტებში, რომლებმაც საკუთარი დანაზოგის დიდი ნაწილი ჰენრის სქემაში ჩადეს. საწყის ეტაპზე პლატფორმიდან სარგებლის გატანას მართლაც ახერხებდნენ, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მილიონობით თანხის აკუმულირების შემდეგ, ფინანსების გატანა მოულოდნელად შეუძლებელი გახდა.

26 აგვისტოს მომხმარებლებს აცნობეს, რომ ტრანზაქციები 4 სექტემბრამდეა შეჩერებული, თუმცა 4 სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტ სარგებელს დაპირდნენ.

ტრანზაქციების შეჩერების პარალელურად, მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა სოციალურ ქსელებში აქტიურად წამოიწყო ჰენრი ჯონსის მხარდამჭერი კამპანია და აგრესიულადაც უპირისპირდებიან ყველას, ვინც შესაძლო თაღლითობაზე მიანიშნებს.

"კურიერი P.S."-მა მოახერხა პირამიდული ქსელის დახურულ ჯგუფში გაწევრიანება, სადაც დარეგისტრირებული ადამიანების ნაწილი ჰენრი ჯონსს მადლობას უხდის, ნაწილი კი პოტენციურ დაზარალებულებს რწმენაში დარჩენისკენ მოუწოდებს.

საქართველოს გარდა, იგივე სახელწოდებით პირამიდა მოქმედებდა ესპანეთში, პოლონეთში, სომხეთში და უკრაინაში. ამ ქვეყნებშიც TSQ invesment​-ის საქმიანობა ისე დასრულდა, როგორც ყველა კლასიკური ფინანსური აფიორა სრულდება - პირამიდა ჩამოიშალა, ათასობით ადამიანი კი უბრალოდ მოტყუებული დარჩა. ესპანეთის მარეგულირებელმა ორგანომ TSQ invesment​-ს ოფიციალურად უწოდა არალიცენზირებული თაღლითური ორგანიზაცია, თუმცა პროფესორ ჰენრი ჯონსის კვალს ამ დრომდე ვერავინ მიაგნო.

წლების განმავლობაში ჰენრი ჯონსი მითიურ პერსონაჟად იქცა. TSQ invesment​-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში მის შესახებ ნათქვამია, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, დაიბადა 1986 წელს, განათლება მიიღო პრესტიჟულ ამერიკულ უნივერსიტეტებში და მუშაობდა გლობალურ კომპანიებში წამყვან თანამდებობებზე... თუმცა არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ამ შთამბეჭდავი ბიოგრაფიული ცნობების ავთენტურობას დაადასტურებს.

კითხვებს აჩენს ჰენრი ჯონსის სახელით მოქმედი ტელეგრამის ანგარიშიც. ირკვევა, რომ წლების წინ იგივე ანგარიში სხვა, სპარსულენოვანი სახელით ფუნქციონირებდა. ახლა მთავარი კითხვაა - არსებობს კი საერთოდ იდუმალებით მოცული ამერიკელი პროფესორი? სპეციალისტებში ეჭვებს იწვევს ბოლო დღეებში ჰენრი ჯონსის სახელით გავრცელებული ვიდეომიმართვებიც, რომელიც შესაძლოა ხელოვნური ინტელექტით იყოს გენერირებული.

ვარაუდები ბევრია, თუმცა ერთადერთი, რაც დანამდვილებით ცნობილია, არის ის, რომ პროფესორი ჰენრის მიერ ორგანიზებული პირამიდა უკვე არაერთ ქვეყანაში ჩამოიშალა.

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედი ფინანსური პირამიდა ერთმანეთის მსგავსია - სანამ სისტემა იზრდება, ყველაფერი შესანიშნავად გამოიყურება. ადრეული მონაწილე თანხასაც იღებს, ბედნიერი ვიდეობსაც წერს და ორგანიზატორს მადლობასაც უხდის. ამ ვიდეოს შემდეგ სხვები ნახულობენ და ისინიც ერთვებიან სქემაში, და ასე იქმნება ყველა ფინანსური პირამიდა.

კმაყოფილი პერსონაჟი ამ სცენარში მხოლოდ ერთი რგოლია. მთავარი, ვინც ფინანსურ აფიორას კვებავს, პირამიდის ქვევით მყოფი ათასობით ადამიანია. ისინი, ვინც ყველაზე მეტად ზარალდებიან. საბოლოოდ, მოგებული რჩება მხოლოდ პირამიდის სქემის ავტორი და ზოგჯერ ადამიანთა ის ჯგუფი, რომლებმაც ადრეულ ეტაპზე გარკვეული სარგებელი მართლაც მიიღეს.

საქმის დეტალებს ახლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს. გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლით დაიწყო.