ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ე.წ. პროფესორი ჰენრის პირამიდის საქმიანობას სწავლობს

საგამოძიებო

საქართველოში პოპულარული ე.წ. პროფესორი ჰენრის პირამიდის საქმიანობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს.

უწყებამ გამოძიება ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე დაიწყო. სავარაუდო თაღლითური პლატფორმიდან თანხების გატანას მოქალაქეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსის, ლაშა გზირიშვილის განცხადებით, თუ ბიზნეს საქმიანობას აწარმოებს კომპანია, მას ახალი წევრების მოზიდვა შესაძლოა საერთოდ არ სჭირდებოდეს, ხოლო ფინანსური პირამიდა ახალი წევრებისა და მათგან თანხების მოზიდვაზე დგას.

"ფინანსური პირამიდა ახალი წევრებისა და მათგან თანხების მოზიდვაზე დგას. მას შემდეგ, რაც უკვე ახალი ხალხის ჩართვა შეუძლებელი ხდება, მერე უკვე პირამიდა იშლება და ბუნებრივია, რომ არსებულ წევრებს ახალი ადამიანების მოყვანას სთხოვენ. ესეც ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია იმის, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ფინანსურ თაღლითობასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვეულებრივ ბიზნეს საქმიანობას აწარმოებს კომპანია, მას ახალი წევრების მოზიდვა შესაძლოა საერთოდ არ სჭირდებოდეს", - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.

ვინ არის სინამდვილეში ჰენრი ჯონსი და როგორ მუშაობდა თაღლითური სისტემა სხვა ქვეყნებში, მათ შორის ესპანეთში, პოლონეთში, სომხეთსა და უკრაინაში. ამ თემაზე ვრცელ რეპორტაჟს დღეს, საღამოს 9 საათზე, კურიერი P.S.-ში ნახავთ.