1749810832
მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება: თანამედროვე და მინი ინვაზიური მეთოდები

მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ორთოპედიული ოპერაციაა. მისი მიზანია დაზიანებული, დეგენერაციულად შეცვლილი ან დეფორმირებული სახსრის ჩანაცვლება სპეციალური პროთეზით, რაც პაციენტს ტკივილისგან გათავისუფლებასა და მობილობის აღდგენაში ეხმარება.
გლობალური სტატისტიკა და გავრცელება
ენდოპროთეზირების ოპერაციები ფართოდ გავრცელებულია როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. სტატისტიკური მონაცემებით, ამერიკაში მენჯის და მუხლის ენდოპროთეზირების შეფარდება 60/40-ზეა, ხოლო ევროპაში - 70/30-ზე, რაც მიუთითებს, რომ პირველ რიგში დაზიანება მენჯ-ბარძაყის სახსარს ეხება. ეს განპირობებულია მენჯის არეში მოქმედი დატვირთვის მაღალი დონით და მისი სტრუქტურული მოწყობით.
როდის ხდება საჭირო ბუნებრივი სახსრის ჩანაცვლება?
ორთოპედიულ პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩარევა ბუნებრივი სახსრის ჩანაცვლებაა ენდოპროთეზით, რაც ნიშნავს მუხლის ან თეძოს სახსრის ხელოვნური იმიტაციით შეცვლას. ეს გადაწყვეტილება მიღებულია მაშინ, როდესაც სახსრის მდგომარეობა ისე მწვავდება, რომ ტკივილი და შეზღუდული მობილობა პაციენტს სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას აღარ აძლევს.
ენდოპროთეზირება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
- სახსარი დაზიანებულია იმდენად, რომ აღარ რეაგირებს კონსერვატიულ მკურნალობაზე - როგორიცაა ფიზიოთერაპია, მედიკამენტები ან ინექციები.
- დაზიანება მნიშვნელოვნად ზღუდავს პაციენტის ყოველდღიურ მოძრაობას - ჩნდება სირთულე სიარულში, კიბეზე ასვლასა და თუნდაც ძილში ტკივილის გამო.
- არსებობს ძლიერი, ქრონიკული ტკივილი, რომელიც არ ცხრება და მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს.
- სახსრის ანატომიური სტრუქტურა დეფორმირებულია - როგორც წესი, ეს ვითარდება ოსტეოართროზის მძიმე სტადიაზე, ტრავმული დაზიანებების შემდეგ ან რევმატოიდული ართრიტის ფონზე.
- პაციენტი მოტივირებულია რეაბილიტაციის პროცესზე და არსებობს სურვილი დაუბრუნდეს აქტიურ ცხოვრებას სწორად შერჩეული და ტექნიკურად ზუსტად განხორციელებული ენდოპროთეზირება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების მინი ინვაზიური მეთოდი
თანამედროვე ორთოპედიულ ქირურგიაში მცირე ინვაზიური მიდგომები სულ უფრო ხშირად ანაცვლებს ტრადიციულ ოპერაციებს. მინიმალურად ინვაზიური ენდოპროთეზირებისას, ოპერაცია ტარდება ისე, რომ კუნთოვანი სტრუქტურები მაქსიმალურად შენარჩუნებულია.
მისი მთავარი უპირატესობაა:
- კუნთოვანი ქსოვილის მინიმალური დაზიანება
- ნაკლები სისხლის დაკარგვა
- შემცირებული ტკივილი
- პაციენტის სწრაფი გამოჯანმრთელება და მოძრაობის ადრეული აღდგენა
ოპერაციიდან უკვე 24 საათში პაციენტს შეუძლია წამოჯდომა ან ფეხზე დადგომა, ხოლო აქტიური ფიზიკური დატვირთვა დამოკიდებულია რეაბილიტაციის ინდივიდუალურ ტემპზე.
რატომ არის მინიმალურად ინვაზიური მეთოდი ეფექტური?
სტანდარტულ ოპერაციებთან შედარებით, მინი ინვაზიური ტექნიკით ჩარევისას არ ხდება ძირითადი კუნთების გაჭრა და კერვა - შესაბამისად, რბილი ქსოვილები სწრაფად ახდენენ აღდგენას. ეს პირდაპირ აისახება რეაბილიტაციის სისწრაფეზე და პაციენტისთვის ოპერაცია ნაკლებად ტრავმულია.
თანამედროვე ტექნოლოგიები სამედიცინო ცენტრ „ინოვაში“
სამედიცინო ცენტრი ინოვა საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დანერგა მცირე ინვაზიური ენდოპროთეზირების პრაქტიკა. უკვე 14 წელია, კლინიკა მუშაობს მაღალი ტექნოლოგიებით და მინიმალური ჩარევის პრინციპზე დაფუძნებული მიდგომით, რაც პაციენტებისთვის ნიშნავს:
- მაქსიმალურ კომფორტს
- ინდივიდუალურად შერჩეულ პროთეზებს
- სტანდარტებს, რომლებიც საერთაშორისო გაიდლაინებთანაა სრულ შესაბამისობაში
ადრე, ტექნოლოგიური არჩევანის სიმწირის გამო, პაციენტს პროთეზთან უწევდა შეგუება. დღეს კი - პროთეზი იქმნება პაციენტისთვის.
მენჯ-ბარძაყისა და მუხლის ენდოპროთეზირება წარმოადგენს ეფექტურ გამოსავალს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქრონიკული ტკივილი და ფუნქციური შეზღუდვა ხელს უშლის სრულფასოვან ცხოვრებაში.
თანამედროვე, ნაკლებად ინვაზიური მეთოდები მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციის შემდგომ გართულებებს და აჩქარებს რეაბილიტაციას.
სამედიცინო ცენტრ ინოვაში მენჯ-ბარძაყისა და მუხლის ენდოპროთეზირების ოპერაციები ტარდება მაღალკვალიფიციური ქირურგების მიერ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში. თანამედროვე მიდგომები და პაციენტზე მორგებული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს რეაბილიტაციის სწრაფ და ეფექტურ პროცესს - მინიმალური გართულებებით და მაქსიმალური შედეგით.
რამაზ აღლემაშვილი - ორთოპედ-ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი,მედიცინის დოქტორი; ევროპის ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის წევრი