უსინათლოს თვალი აეხილა - ცოტამ თუ იცის დიდუბის ღვთისმშობლის ტაძრის სასწაულმოქმედი ხატის ისტორია

temple

თბილისში, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული. ცოტამ თუ იცის ისტორია, რომელიც ამ ხატს უკავშირდება.  

იქ, სადაც ახლა დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარი დგას, ძველად საძოვრები ყოფილა. ერთ ქრისტიან მწყემსს, რომელიც იმ ტერიტორიაზე აძოვებდა ცხვარს და კარგად იცნობდა არემარეს, ანგელოზი დასიზმრებია, რომელსაც უთქვამს:

"დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატია დაბრძანებული. ეახელ, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო".

მწყემსმა ხილვა დედ-მამასა და მეზობლებს უამბო. ყველა მინიშნებული ადგილისკენ გაემართა. სასწაულის მოლოდინში თან ერთი ბრმაც წაიყვანეს. ღვთისმშობლის ხატმა მართლაც მოახდინა სასწაული - დაბადებიდან უსინათლო ადამიანს თვალი აეხილა! ეს ორშაბათ დღეს მომხდარა. სასწაულის ადგილას იმავე დღეს ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუბრძანებიათ და თაყვანი უციათ.
სასწაულთმოქმედი ხატის ამბავი მთელ საქართველოს მოსდებია. მოჰყავდათ თურმე სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი და ყველა განკურნებული ბრუნდებოდა შინ. მალე ნიშის ადგილას ეკლესია აუგიათ, რომელიც ყოველ ორშაბათს მლოცველებით ივსებოდა.

დიდუბის ტაძრისთვის მორწმუნეთა მიერ შეწირული საგანძური ერთ სარდაფში ჰქონიათ გადამალული, მაგრამ კომუნისტებს შეუტყვიათ მისი არსებობა და საუნჯე გაუზიდავთ. მაშინ დაკარგულა დიდუბის ღვთისმშობლის ხატის პერანგიც. დღევანდელი პერანგი რუსეთის პატრიარქს ალექსი I-ს დაუმზადებინებია და 1950 წელს დიდუბის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს.

დიდუბის ღვთისმშობლის ხატი დღესაც ახდენს სასწაულებს მათთვის, ვინც რწმენით მიეახლება. ორშაბათობით, დილას, მარიამ ღვთისმშობლის სახელზე ტარდება ლოცვა, დაესწარით, მოილოცეთ, გულით შესთხოვეთ და გულმოწყალე დედა შეგეწევათ.