84 წლის პირველკლასელი - უნიკალური ფაქტი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

კიმანი მორუგე

 2004 წელს კენიის ქალაქ ელდორადოს დაწყებით სკოლაში 84 წლის კიმანი მარუგე მივიდა და პირველ კლასში ჩარიცხვა ითხოვა. სკოლის ხელმძღვანელობამ სწავლას მოწყურებულ მოხუცს უარი ვერ უთხრა. 

 მოხუცმა სკოლის დირექტორს აუხსნა, რომ ღარიბ ოჯახში იზრდებოდა და სკოლაში სიარულის საშუალება არ ჰქონდათ. არადა, მთელი ცხოვრება ბიბლიის წაკითხვაზე ოცნებობდა.

მარუგე მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული პირველკლასელი და გინესის რეკორდსმენიც გახდა.

საქმე ის გახლავთ, რომ 2003 წელს კენიის მთავრობამ უფასო რვაწლიანი განათლების შესახებ კანონი მიიღო და მარუგემ გადაწყვიტა, ამ შესაძლებლობით ესარგებლა.

მოხუცის ოცნება ახდა - ის საკმაოდ ნიჭიერი აღმოჩნდა და წერა-კითხვა ადვილად ისწავლა. 

 უჩვეულო პირველკლასელის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციამდე მივიდა და მარუგე 2005 წელს ნიუ-იორკში მიიწვიეს. მოხუცი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და უფასო განათლების აუცილებლობაზე ისაუბრა.

კიმანი მორუგე 2009 წელს გარდაიცვალა.