„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1777320402
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს. აბიტურიენტებს რეგისტრაციის გავლა 11 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს შეუძლიათ, შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge.
საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
გაითვალისწინეთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს არა დამამთავრებელი კლასის მოსწავლე.
რაც შეეხება საგამოცდო ბარათებს, აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან ამობეჭდავენ (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ეცნობა შედეგებს).
ბარათზე მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:
აბიტურიენტის საიდენტიფიკაციო კოდი;
საგამოცდო ცენტრის მისამართი;
თითოეული გამოცდის თარიღი;
გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო;
საგამოცდო სექტორისა და სამუშაო მაგიდის ნომრები;
საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია ატესტატის წარმოდგენის შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ.) გარეშე. საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ჯერჯერობით, უცნობია, როდიდან შეძლებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას, რადგან, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს. წინა წლებში აბიტურიენტები საგამოცდო ბარათებს ივნისის მეორე ნახევრიდან იღებდნენ, თუმცა ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაზუსტებულ ინფორმაციას გამოაქვეყნებს.
რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე გამოცხადებისას?
საგამოცდო ბარათი
სურვილის შემთხვევაში: გელიანი (ე.წ. ტუში) შავი ფერის კალამი, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი / პასპორტი ან სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი / განცხადება-ანკეტა / ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
ვრცელი ინფორმაცია წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ, აბიტურიენტთა ცნობარში ნახოთ.