საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაში
1781164989
იმ დაშვებით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი მალე დასრულდება, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2026 წელს 6.5 პროცენტს მიაღწევს და თანდათან მიუახლოვდება თავის საშუალოვადიან პოტენციურ მაჩვენებელს - 5%-ს 2028 წლისთვის, - ამის შესახებ სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ IV მუხლის კონსულტაციების დასკვნით ანგარიშშია ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ აპრილში სსფ-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2026 წლისთვის 5.3%-ს შეადგენდა.
სსფ-ის შეფასებით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური ზრდა მყარია, რასაც ძლიერი მაკროეკონომიკური მართვა და ეკონომიკური პოლიტიკა უწყობს ხელს.
ამასთან, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე შენარჩუნება, საერთაშორისო რეზერვების გამყარება და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაა.
ანგარიშის თანახმად, რეალური მშპ 2025 წელს 7.5 პროცენტით გაიზარდა და 2026 წლის დასაწყისშიც ძლიერი ზრდა შენარჩუნდა, ხოლო ინფლაციამ ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 2026 წლის აპრილში 5.9 პროცენტს მიაღწია. ფისკალური და საგარეო ბუფერები გაძლიერდა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე , მშპ-ის 2.6 პროცენტამდე შემცირდა, საერთაშორისო რეზერვებმა სსფ-ის მიერ განსაზღვრულ ადეკვატურობის ზღვარს მიაღწია, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 35 პროცენტზე ქვემოთ შემცირდა.
„მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2027 წლის შუა პერიოდისთვის დაუბრუნდება სამიზნე დონეს, ხოლო სახელმწიფო ვალი მიმდინარე მაჩვენებლების სიახლოვეს შენარჩუნდება, თუ გაგრძელდება გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა. გაზრდილი გაურკვევლობისა და განმეორებადი საგარეო შოკების პირობებში, პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებია ინფლაციის სამიზნე დონემდე დაბრუნება, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დამატებითი გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმების წინსვლა, რათა შენარჩუნდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი“ - ნათქვამია სსფ-ის ანგარიშში.