1750362602
როგორ აისახება საწვავის ფასებზე ახლო აღმოსავლეთის მოვლენები? - ინვესტორები და ექსპერტები ტარიფების ზრდას ელოდებიან

ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ს თავდასხმამ შესაძლოა ნავთობის ფასები კიდევ უფრო გაზარდოს - ამის შესახებ ინვესტორებზე დაყრდნობით “როიტერსი“ წერს, რომელიც მიმოიხილავს, თუ როგორ იმოქმედებს დაძაბულობის ესკალაცია გლობალურ ეკონომიკაზე.
სატელევიზიო მიმართვაში ტრამპმა თავდასხმას „სანახაობრივი სამხედრო წარმატება“ უწოდა და თქვა, რომ ირანის „ძირითადი ბირთვული გამდიდრების ობიექტები მთლიანად განადგურებულია“. მისი თქმით, აშშ-ის სამხედროებს შეუძლიათ ირანში სხვა სამიზნეების დაბომბვაც, თუ ქვეყანა მშვიდობას არ დათანხმდება. ირანმა განაცხადა, რომ თავდაცვის ყველა ვარიანტს განიხილავს და შეერთებული შტატები გააფრთხილა „მარადიული შედეგების“ შესახებ. “ვფიქრობ, ბაზრებისთვის, პირველ ეტაპზე, ეს შემაშფოთებელია და ვფიქრობ, ნავთობის ფასი უფრო მაღლა აიწევს“, - თქვა მარკ სპინდელმა, Potomac River Capital-ის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა.
„ჩვენ არ გვაქვს ზარალის შეფასება და ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ეს [აშშ-ს ოპერაცია] „დასრულებულად“ შეაფასა, ჩვენ ველით, რა მოხდება შემდეგ?“ - თქვა სპინდელმა. „ვფიქრობ, ბაზრებს გაურკვევლობა მოიცავს, ეს გაზრდის არასტაბილურობას, განსაკუთრებით ნავთობში“, - დასძინა მან.
ბაზრებისთვის მთავარი საზრუნავი იქნება ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების პოტენციური გავლენა ნავთობის ფასებზე და შესაბამისად, ინფლაციაზე. ინფლაციის ზრდამ შეიძლება შეამციროს მომხმარებელთა ნდობა და შეამციროს საპროცენტო განაკვეთების მოკლევადიანი შემცირების შანსი. საულ კავონიკმა, სიდნეიში, საფონდო კვლევითი ფირმის MST Marquee-ს უფროსმა ენერგეტიკულმა ანალიტიკოსმა, განაცხადა, რომ უფრო სავარაუდო სცენარი იქნება ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ინტერესების მიზანში ამოღება, მათ შორის სპარსეთის ყურის ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვა ისეთ ადგილებში, როგორიცაა ერაყი, ან გემების გადასასვლელების შეფერხება ჰორმუზის სრუტეში. ჰორმუზის სრუტე ომანსა და ირანს შორის მდებარეობს და ნავთობის მწარმოებლებისთვის, როგორიცაა საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ერაყი და ქუვეითი, ექსპორტის მთავარი მარშრუტია. „ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ უპასუხებს ირანი მომდევნო საათებსა და დღეებში“, - თქვა კავონიკმა.
Harris Financial Group-ის მმართველი პარტნიორი ჯეიმი კოქსი მიიჩნევს, რომ ნავთობის ფასები, სავარაუდოდ, საწყისი ესკალაციის გამო გაიზრდება, თუმცა, კოქსის ვარაუდით, ფასები, რამდენიმე დღეში კვლავ დასტაბილურდება, რადგან თავდასხმებმა შეიძლება ირანს ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო შეთანხმებისკენ უბიძგოს. “ძალის ამ დემონსტრირებით და ბირთვული შესაძლებლობების სრული განადგურებით, მათ დაკარგეს ყველა ბერკეტი და, სავარაუდოდ, სამშვიდობო შეთანხმების ღილაკს დააჭერენ ხელს“, - თქვა კოქსმა.
ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ნავთობის ფასების მკვეთრმა ზრდამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ტრამპის ტარიფებით ისედაც დაძაბულ გლობალურ ეკონომიკას. მიუხედავად ამისა, ისტორია იმაზე მეტყველებს, რომ აქციების ნებისმიერი ვარდნა შეიძლება ხანმოკლე იყოს. წარსულში, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამწვავების, მათ შორის 2003 წელს ერაყში შეჭრისა და 2019 წელს საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმების დროს, აქციები თავდაპირველად დაეცა, მაგრამ მალევე აღდგა და მომდევნო თვეებში უფრო მაღალ ნიშნულზე ავიდა.