2025 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 4.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

მშენებლობა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 4.7 პროცენტით.

საქსტატის ცნობით, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.5 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 7.5 პროცენტით; არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.9 პროცენტით; სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.01 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 1.7 პროცენტით.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.6 პროცენტიანი შემცირებით, რამაც -0.23 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 19.2 პროცენტიანი ზრდით და მანქანა-დანადგარების ხარჯების კატეგორიის 5.3 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.29 და 0.34 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 24.8 პროცენტით“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.