ტექნიკური მისია რას წარმოადგენს ჯერ არავინ ვიცით, რა ფუნქციები, სამართლებრივი საფუძვლები ან უფლებამოსილებები შეიძლება გააჩნდეს ამ არჩევნებთან მიმართებაში, მარჩიელობის სფეროს წარმოადგენს - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან ტექნიკური მისიის დაწყება ბუნდოვანია და არავინ იცის რას წარმოადგენს ის, რადგან ეს პრაქტიკა თვითონ ევროკავშირისთვისაც ახალია. ამის შესახებ მან "დღის კურიერში" ისაუბრა.

ქადაგიშვილის განცხადებით, რა ფუნქციები, რა სამართლებრივი საფუძვლები ან რა სამართლებრივი უფლებამოსილებები შეიძლება გააჩნდეს ამ მისიას საქართველოსთან ან არჩევნებთან მიმართებაში, მარჩიელობის სფეროს წარმოადგენს.

"ტექნიკური მისია რას წარმოადგენს, ჯერ ეს არავინ ვიცით, ამიტომ, ამ მისიას საერთოდ რა ფუნქცია აქვს, რაზე უნდა ისაუბროს, რა საკითხებს უნდა შეეხოს - ეს ძალიან ზოგადი განცხადება იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეკრებაზე რაიმე კონკრეტული ვერ ითქვა საქართველოსთან დაკავშირებით. მათ კონკრეტული საფუძვლებიც არ გააჩნდათ არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე განცხადების გაკეთებისა, ამიტომ შემოიფარგლნენ ამ ზოგადი განცხადებით. ტექნიკური მისია - ასეთი ფორმულირება პირველად გაჩნდა, მათ შორის, ევროკავშირის პრაქტიკაშიც. აქედან გამომდინარე, რა ფუნქციები, რა სამართლებრივი საფუძვლები ან რა სამართლებრივი უფლებამოსილებები შეიძლება გააჩნდეს საქართველოსთან ან ამ არჩევნებთან მიმატებაში, მარჩიელობის სფეროს წარმოადგენს.

ამ შემთხვევაში, თვითონ უნდა თქვან რა სურთ მათ, მაგრამ, ჯერჯერობით, მათი მხრიდან რაიმე კონკრეტული, ამ ზოგადი განცხადების იქით არ ყოფილა. ჩვენ არჩევნებთან დაშვირებით ვხელმძღვანელობთ საქართველოს კონსტიტუციით და ჩვენი კანონმდებლობით. ჩვენი კონსტიტუცია და კანონმდებლობა ევროკავშირის ყველაზე მაღალი სტანდარტების შესაბამისია. ეს უამრავჯერ არის დადასტურებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ სრულად ვკმაყოფილდებით და ჩვენი ქვეყნის სუვერენულ საკანონმდებლო ჩარჩოებში ვართ ჩატეული. მასთან ერთად, საერთაშორისო დამკვირვებელთა ის დიდი არმია, რომელიც ეუთო/ოდირის ეგიდით გრძელვადიანი მისიით იყო ჩამოსული, მათაც თავიანთი დასკვნები დადეს, სადაც არჩევნების ლეგიტიმურობა აბსოლუტურად ნათლად არის დადასტურებული", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.