სანაპიროსთან ცხოვრება, შესაძლოა, სიცოცხლეს ახანგრძლივებდეს - კვლევა

სანაპიროსთან ცხოვრება

 კვლევებით ბევრჯერ დამტკიცდა, რომ სანაპიროსთან ახლოს ცხოვრება ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითაც მოქმედებს. ამჯერად კი ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებს სურდათ გაეგოთ, აქვს თუ არა ამას კავშირი სიცოცხლის ხანგრძლივობასთან.

მკვლევრებმა 66 263 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. მათზე დაყრდნობით, სანაპიროსთან ახლოს ცხოვრება უფრო ხანგრძლივ სიცოცხლესთანაა ასოცირებული. საინტერესოა, რომ იგივე არ ითქმის ისეთ ურბანულ ზონებზე, რომლებიც შიდა წყლებთან (ტბებთან ან მდინარეებთან) ახლოსაა.

„დავადგინეთ, რომ სანაპიროზე მცხოვრები ადამიანები საშუალო, 79-წლიან, ასაკზე მინიმუმ 1 წლით მეტხანს ცოცხლობენ. ქალაქში კი, შიდა წყლებთან ახლოს, ეს მაჩვენებელი 78 წელზე ნაკლებია", — ამბობს ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მეცნიერი, ძიენიუნგ ვუ.

სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ბევრი ფაქტორი ზემოქმედებს. კვლევა პირდაპირ მიზეზ-შედეგობრიობის არსებობას არ ამტკიცებს. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივ სიცოცხლესა და სანაპიროსთან ცხოვრებას შორის კავშირი მაინც არის.

მეცნიერები რამდენიმე ახსნას გვთავაზობენ. ზოგადად, სანაპირო ზონებს ნაკლები ცხელი და ცივი დღეები აქვს. ისინი სუფთა ჰაერითა და გართობის მეტი შესაძლებლობით გამოირჩევა. გარდა ამისა, ზღვისპირა უძრავი ქონება, როგორც წესი, ძვირი ღირს. შესაბამისად, მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსიც მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

რაც შეეხება შიდა წყლებთან ახლოს ცხოვრებას, აქ სიტუაცია განსხვავებულია. აღმოჩნდა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა სოფლებშიც მზარდია. რაც შეეხება ქალაქებს, იქ ყველაფერი პირიქითაა.

„დაბინძურება, სიღარიბე, უსაფრთხო ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობების ნაკლებობა და წყალდიდობის გაზრდილი რისკი, სავარაუდოდ, ამ განსხვავებების მთავარი გამომწვევი მიზეზებია", — ამბობს ეკოლოგიური გეოგრაფიის სპეციალისტი, იენი ცაო, ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტიდან.

ბუნებაში ყოფნა ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა. ის ჯანმრთელობას ისე აძლიერებს, რომ, შესაძლოა, სიცოცხლის ხანგრძლივობაც საგრძნობლად გაზარდოს. მიუხედავად ამისა, ეს სხვა მრავალ ფაქტორზეცაა დამოკიდებული.

„ჩვენ გვეგონა, რომ ნებისმიერი ტიპის "ლურჯ სივრცეს" დადებითი ეფექტები ექნებოდა. ძალიან გაგვიკვირდა, როცა სანაპიროსთან და შიდა წყლების მახლობლად მცხოვრებთა შორის ასეთი მკაფიო განსხვავება აღმოვაჩინეთ", — ამბობს ვუ.