როგორ ხასიათზეა კუ? — დადგინდა, რომ მათ სხვადასხვა განწყობა აქვთ

კუ

მეცნიერები და ფილოსოფოსები საუკუნეების განმავლობაში მსჯელობდნენ, შეუძლიათ თუ არა ცხოველებს ფიქრი და რამდენად გააჩნიათ მათ გრძნობები. გუნება-განწყობა ხშირად მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ თვისებად აღიქმება, მაქსიმუმ კი ფრინველებსა და ძუძუმწოვრებზე ვრცელდება.

ქვეწარმავლები აქაც დაჩაგრულები არიან და, პირდაპირი მნიშვნელობით, ცივსისხლიანებად მიიჩნევიან. ამას უკანასკნელი კვლევა ეწინააღმდეგება, რომელმაც წითელფეხება კუებში ოპტიმისტური და პესიმისტური განწყობების არსებობა გამოავლინა. განწყობას ავტორები განმარტავენ, როგორც "ხანგრძლივ მდგომარეობას, რომელიც სპეციფიკურ ობიექტთან ან მოვლენასთან არაა დაკავშირებული და მხოლოდ სუბიექტურ გამოცილებას ემყარება".

მეცნიერებმა 15 კუს ე.წ. კოგნიტიური მიკერძოების ტესტირება ჩაუტარდა, რომელიც ადამიანებსა და სხვა ძუძუმწოვრებში ოპტიმიზმ-პესიმიზმის განსასხვავებლად გამოიყენება. მკვლევრებმა მიახლოებით კვადრატულ შემოღობილ ადგილში საკვების ჯამისთვის 5 ზონა გამოყვეს, მაგრამ ჭურჭელი მხოლოდ ერთი მათგანის მიმდებარედ იდგა.

კუებს ასწავლეს, რომ ერთ მხარეს ჯამი საკვებით აივსებოდა, მეორე მხარეს კი ცარიელი დარჩებოდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კუებისთვის ზედმეტი ენერგიის უშედეგოდ დახარჯვა არასასურველია. ჭურჭელს ან ნაცნობ წერტილებში დებდნენ, ან რომელიმე სხვა ზონაში. რეპტილიებს უნდა გადაეწყვიტათ, მისულიყვნენ თუ არა იქამდე, რასაც სპეციალისტები კამერებით აკვირდებოდნენ.

მეორე ექსპერიმენტში კუები იმავე სივრცეში დააბრუნეს, მაგრამ იქ ჯამების ნაცვლად ახალი ობიექტი დახვდათ. ამ შემთხვევაში იმის გარკვევა სურდათ, რამდენად დაინტერესდებოდნენ ცხოველები მისით, მიახლოებისგან თავს თუ შეიკავებდნენ ან რამდენად წინ წაწევდნენ თავს. ბოლოს ეს არეალი სხვა ფერად შეღებეს და ზედაპირებიც შეცვალეს. რეაქციები ამ დროსაც აღბეჭდეს.

კვლევას ერთი კუ გამოეთიშა, რადგან გარემოს დათვალიერების ნაცვლად დეფეკაცია გადაწყვიტა. სხვებში საინტერესო რამ გამოვლინდა — ზოგი ქვეწარმავალი შემთხვევით ადგილებზე დადებულ ჯამებთან მიდიოდა, ანუ დადებითად იყო განწყობილი. დანარჩენები ენერგიის დახარჯვას ერიდებოდნენ, რადგან არ ეგონათ, რომ გაუმართლებდათ. პირველ ჯგუფში შფოთვის დაბალი დონეც დაფიქსირდა, რაც მეცნიერებისთვის ამ ქცევის ოპტიმიზმად მიჩნევას კიდევ უფრო მეტად ამართლებს.

მეცნიერების თქმით, კუებში ოპტიმისტური და პესიმისტური განწყობების არსებობა ნიშნავს, რომ მათ "ხასიათზე" გარემო ზემოქმედებს. ვინაიდან ისინი ზოგ ადამიანს შინაურ ცხოველად ჰყავს, მათ სათანადო პირობები უნდა შევუქმნათ. ასევე, ეს საკითხი ევოლუციური თვალსაზრისითაც საინტერესოა. მისი მეშვეობით შეიძლება გავიგოთ, რამდენად გავრცელებულია გრძნობები ცხოველთა სამყაროში ან როდის ჩამოყალიბდა ეს მახასიათებელი.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Animal Cognition გამოქვეყნდა.