მომავალ თაობებს კლიმატური კატასტროფების ეპოქაში მოუწევთ ცხოვრება - მეცნიერების გაფრთხილება

კლიმატი

 მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ დღეს დაბადებულ ბავშვებს კლიმატური კრიზისი ბევრად უფრო მძიმედ შეეხებათ, ვიდრე წინა თაობებს. განსაკუთრებით კი რისკის წინაშე ისინი არიან, ვინც გაჭირვებაში იზრდება.

დაადგინეს, რომ 2020 წელს დაბადებული ბავშვები უკიდურესი კლიმატური მოვლენების — თბური ტალღები, წყალდიდობა, გვალვა, ხანძრები, მოსავლის დაკარგვა — მომსწრენი 2-დან 7-ჯერ უფრო მეტჯერ გახდებიან. სამწუხაროდ, ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ ტემპერატურა 2100 წლამდე მხოლოდ 2.7°C-ით გაიზრდება. თუ ეს მაჩვენებელი 3.5°C-მდე ავა, მაშინ დღეს 5 წლის ბავშვების 92% სასიკვდილო სითბურ ტალღას ზრდასრულობაში სიცოცხლეში ერთხელ მაინც გადაიტანს, 29% მოსავლის დაკარგვას, ხოლო 14% — მასშტაბურ წყალდიდობას. შედარებისთვის ნათქვამია, რომ 1960 წელს დაბადებული ადამიანებიდან უკიდურესი თბური ტალღები საკუთარი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ 16%-მა გამოცადა. 

"თუ კლიმატს ინდუსტრიალიზაციამდელ პერიოდთან შედარებით 1.5°C-ით მატებაზე დავასტაბილურებთ, დღევანდელი ახალგაზრდა თაობის დაახლოებით ნახევარი სიცოცხლეში უპრეცედენტო სითბურ ტალღებს მაინც გადაიტანს. თუ ტემპერატურა 3.5°C-მდე გაიზრდება, 90%-ზე მეტს ამ ზემოქმედების გამოცდა მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწევს", — განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა, ლუკ გრანტმა, კანადის კლიმატის მოდელირების და ანალიზის ცენტრიდან — "კლიმატის სხვა უკიდურესობების შემთხვევაშიც იგივე სურათი იკვეთება, თუმცა იმ ადამიანების რაოდენობა ოდნავ ნაკლებია, ვისაც ისინი შეეხება. მიუხედავად ამისა, თაობათაშორისი უსამართლობა ნათლად ჩანს, რადგან მომავალ თაობას მეტ კლიმატურ საფრთხესთან მოუწევს გამკლავება".

ეკოლოგიური შფოთვა ბავშვებში ფართოდ გავრცელებულია. YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით, 12 წლამდე ასაკის თითქმის 4-დან 5 ბავშვი კლიმატის ცვლილების გამო წუხს. ამ პრობლემის შედეგები და ადამიანური ტანჯვა უკვე აშკარად ჩანს. უპრეცედენტო თბური ტალღები, ქარიშხლები, გვალვები, წყალდიდობები, სახეობების გადაშენება და ტყის ხანძრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეინიშნება. 

ძალიან რთულია ზუსტად განვსაზღვროთ, დედამიწის კომპლექსურ კლიმატურ სისტემაში მიმდინარე ცვლილებები მომავალ თაობებს რამდენად მძიმე შედეგებს დაუტოვებს. დაახლოებითი ინფორმაციის მისაღებად მეცნიერებმა პლანეტის დემოგრაფიული მონაცემები დეტალურად შეისწავლეს. მათ სიცოცხლის ხანგრძლივობისა და მოსახლეობის ზრდის მოლოდინების გათვალისწინებით კვლევა ჩაატარეს და სამი სხვადასხვა ემისიის სცენარის მიხედვით კლიმატის მოდელების პროგნოზები წარმოადგინეს.

ეს კვლევა მეცნიერებს დაეხმარა, იმ ადამიანების რაოდენობა გამოეთვალათ, რომლებსაც უპრეცედენტო კლიმატურ მოვლენებთან ერთად მოუწევთ ცხოვრება. შედეგები საკმაოდ უარყოფითია. თუ დათბობა 2100 წლისთვის 1.5°C-ზე შეჩერდება, 2020 წელს დაბადებული ადამიანების 52% მთელი ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებულად მაღალი სიცხის ზემოქმედებას განიცდის. თუ დათბობას ვერ შევაჩერებთ, ეს მაჩვენებელი 92%-მდე ავა. 

მოსალოდნელი რისკები მოსავლის დაზიანების, ტყის ხანძრების, გვალვების, წყალდიდობებისა და ციკლონების მხრივაც მკვეთრად იმატებს. მაგალითად, 3.5°C-იანი დათბობის სცენარში 2020 წელს დაბადებული ადამიანების 29% მთელი ცხოვრების განმავლობაში მოსავლის დაკარგვის რისკის წინაშე დადგება. ეს განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრებ ადამიანებს შეეხებათ.

ყველაზე დაუცველები ის ბავშვები არიან, ვინც ტროპიკულ რეგიონებში დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში დაიბადნენ. ამჟამინდელი კლიმატური პოლიტიკების ფონზე ასეთ ჯგუფებში 92% მთელი ცხოვრების განმავლობაში კლიმატური კატასტროფების ზემოქმედების ქვეშ იქნება მაშინ, როცა შედარებით შეძლებულ ოჯახებში ეს მაჩვენებელი 79%-ს შეადგენს.

"კლიმატის ცვლილება რომ არა, მსგავსი სირთულეების გადატანა 10 000-დან 1 ადამიანს მოუწევდა", — ამბობს გრანტი — "ადამიანის მიერ გამოწვეული გლობალური დათბობის პრობლემებთან ერთად ყოფნასა და მის გარეშე ცხოვრებას შორის ზღვარს ნათლად ვხედავთ. ამის გამო ცხოვრება სრულიად არანორმალურ პირობებში გვიწევს".

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათი კვლევა სრულყოფილი არ არის. მათ შობადობაზე, სიკვდილიანობასა და მიგრაციაზე კლიმატური ცვლილებების გავლენა არ გაუთვალისწინებიათ. ეს ნიშნავს, რომ ანალიზში მასობრივ მიგრაციებსა და რესურსებისთვის ომების გამოწვევაში გლობალური დათბობის პოტენციური როლი არ აისახა.

ასევე ნახეთ: გლობალური დათბობა და ეკონომიკური კრიზისი — საფრთხე, რომელსაც აქამდე ვერ ვხედავდით

ბოლონიის უნივერსიტეტის სტატისტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის მკვლევრებმა, როზანა გუალდიმ და რაია მუტარაკმა, აღნიშნეს, რომ კლიმატური ექსტრემუმების მიმართ მგრძნობელობის თვალსაზრისით ეს შედეგები "მასშტაბურ თაობათაშორის განსხვავებას ამჟღავნებს". 

"თუ სათბურის აირები ატმოსფეროში კვლავ იმავე ტემპით გაიფრქვევა, გლობალური დათბობა კიდევ უფრო გაძლიერდება და დღევანდელი ბავშვები კლიმატურ საფრთხეებს სულ უფრო ხშირად და მძიმედ შეეჯახებიან", — დაწერეს მათ — "ემისიების შესამცირებლად დღეს გადადგმული ნაბიჯები ახლანდელი და შემდგომი თაობების კლიმატური მომავლის ფორმირებისთვის გადამწყვეტია. ის ცვლილებები, რომლებიც გარემოს დასაცავადაა საჭირო, ყველას თანაბრად არ ეხება. მნიშვნელოვანია, რომ ნულოვან ემისიებზე გადასვლის პროცესში სამართლიანობა დავიცვათ. თაობათაშორისი უთანასწორობის უგულებელყოფა ჩვენი შვილების მომავალს საფრთხეს უქმნის".