1755595347
მეცნიერების მტკიცებით, ბავშვებში სიმსუქნის რისკის წინასწარ განსაზღვრა შეგვეძლება

მკვლევრების საერთაშორისო გუნდმა ტესტირების ახალი მეთოდი შეიმუშავა, რომლითაც ბავშვებში მაღალი BMI-ის (სხეულის მასის ინდექსის) რისკის წინასწარ განსაზღვრა შეგვეძლება. ეს მეთოდი მშობლებს დაეხმარება, რომ სიმსუქნისადმი მიდრეკილ ბავშვებს ჯანსაღი ჩვევები ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბონ.
ეს ტესტირება პოლიგენური ქულის, იგივე PGS-ის, სახელითაა ცნობილი. ამ ქულის მეშვეობით ადამიანის დნმ-ში არსებულ მრავალ პატარა გენეტიკურ ნიშანს ერთ მთლიან რიცხვად გამოვსახავთ. მისი დახმარებით კონკრეტული მახასიათებლის, ამ შემთხვევაში BMI-ის, პროგნოზირება ხდება შესაძლებელი.
"ამ მეთოდით სიმსუქნის რისკის განსაზღვრა 5 წლამდე ასაკის ბავშვებშიც კი შეგვიძლია. ეს მანამდე, სანამ სხვა, უფრო აშკარა რისკ-ფაქტორებით დადგინდება, თუ რომელი ბავშვის ზრდასრულობაშია სიმსუქნის განვითარება ყველაზე მეტად მოსალოდნელი", — ამბობს გენეტიკური ეპიდემიოლოგი, რუელოფ სმიტი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტიდან.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაღალი BMI მხოლოდ გენეტიკაზე არაა დამოკიდებული და მას ბევრი სხვა ფაქტორიც განსაზღვრავს. გარდა ამისა, ბოლო დროს ჩატარებული სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებს, რომ BMI სიმსუქნისა და, ზოგადად, ჯანმრთელობის საზომად არ უნდა გამოვიყენოთ.
ამის მიუხედავად, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ახალი PGS ტესტირება სხვა მსგავს მეთოდებთან შედარებით ორჯერ უფრო ზუსტი და ეფექტიანია. იგი 5.1 მილიონზე მეტი ადამიანის გენეტიკური მონაცემების ბაზაზე დაყრდნობით შეიქმნა.
პოლიგენური ქულისა და სხვა ინდიკატორების მეშვეობით დადგინდა, რომ მაღალი PGS ქულა ზრდასრულ ასაკში სხეულის მასის მატებასთანაა ასოცირებული. BMI-ის წინასწარ განსაზღვრაში კი მისი სიზუსტე ასაკსა და წარმომავლობაზეა დამოკიდებული. კვლევის კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა ზედმეტი კილოგრამების კლებას უკავშირდება. მათ დაადგინეს, რომ სიმსუქნისადმი ძლიერი გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანები თავდაპირველად უფრო მეტ მასას იკლებენ, მაგრამ მოგვიანებით მომატების რისკის ქვეშაც უფრო მეტად არიან.
"ასეთი ადამიანები ცხოვრების წესის ცვლილებებზე უკეთ რეაგირებენ, რაც ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ გენეტიკური მიდრეკილების მოდიფიცირება შეუძლებელია", — წერენ მკვლევრები თავიანთ ნაშრომში.
თუ ადრეულ ასაკში BMI-ის უფრო ზუსტად პროგნოზირება შეგვეძლება, ეს ბავშვებსა და მშობლებს ჯანსაღი ჩვევების დანერგვისთვის მეტ დროს მისცემს. აღნიშნული ჩვევები კვებასა და ფიზიკურ აქტივობას უკავშირდება და BMI-ზე უდიდეს გავლენას ახდენს.