1753907905
კვერცხის ჭამა სინამდვილეში ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს - ახალი კვლევა

წლების განმავლობაში, კვერცხის ჭამის სახელმძღვანელო უკიდურესად არათანმიმდევრული იყო. ზოგიერთი კვლევა მიუთითებდა, რომ ეს პოპულარული საუზმე საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სხვა კვლევები კი ცილებისა და სხვა საკვები ნივთიერებების ბრწყინვალე წყაროდ მიიჩნევდა.
ახალი კვლევა თავის წილს მატებს სულ უფრო მზარდ მტკიცებულებებს იმისა, რომ კვერცხი სინამდვილეში ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. შეისწავლეს ნაჯერი ცხიმისა და ქოლესტერინის დისკრეტული გავლენა სხეულში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინზე (LPL), იგივე „ცუდ“ ქოლესტერინზე.
„დიდი ხნის განმავლობაში, კვერცხს უსამართლოდ ექცეოდა მოძველებული დიეტური რჩევა. უნიკალური პროდუქტია — დიახ, მაღალი ქოლესტერინით, მაგრამ ნაჯერი ცხიმების დაბალი შემცველობით. თუმცა, სწორედ რომ მისი ქოლესტერინის დონე განაპირობებს, რომ ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ მის შეტანას ჯანსაღ კვებაში“, — ამბობს სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯონათან ბაკლი.
ახალ კვლევაში, მეცნიერთა ჯგუფმა განაცალკევეს ქოლესტერინისა და ნაჯერი ცხიმის ეფექტები. ასე დაადგინეს, რომ ნაჯერი ცხიმების დაბალი შემცველობის დიეტისას კვერცხის ჭამით მიღებული მაღალი ქოლესტერინი მაღლა არ სწევს ცუდი ქოლესტერინის დონეს. ქოლესტერინის აწევის რეალური გამომწვევი ნაჯერი ცხიმი აღმოჩნდა.
მკვლევრებმა შეისწავლეს 61 ზრდასრული ადამიანი, რომლებსაც დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) ერთნაირი დონე ჰქონდათ და სამი სხვადასხვა კვების რაციონი მისცეს, თითოეულს ხუთი კვირის განმავლობაში. სამივე რაციონი ჯამში 48 მონაწილემ შეასრულა.
პირველი რაციონი იყო ქოლესტერინით მდიდარი, ნაჯერი ცხიმებით მწირი და გულისხმობდა დღეში ორი კვერცხის ჭამას. მეორე იყო ქოლესტერინით ღარიბი, ნაჯერი ცხიმით მდიდარი და კვერცხის გარეშე. და ბოლო, მესამე რაციონი მდიდარი იყო როგორც ქოლსტერინით, ისე ნაჯერი ცხიმით და გულისხმობდა კვირაში ერთი კვერცხის ჭამას.
შედეგები აჩვენებს, რომ ნაჯერი ცხიმის მაღალი შემცველობის საკვები დაკავშირებულია ცუდი ქოლესტერინის დონის აწევასთან. თუმცა, ქოლესტერინისა მაღალი და ნაჯერი ცხიმების დაბალი შემცველობის რაციონი ორგანიზმში ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს, რაც მიუთითებს, რომ კვერცხი სულაც არ იწვევს ცუდი ქოლესტერინის დონის მატებას.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ უნდა ღელავდეთ არა კვერცხზე, არამედ ნაჯერ ცხიმებზე, თუნდაც ძეხვეულზე, რომელიც ნამდვილად აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას“, — ამბობს კვლევის ავტორი, სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯონათან ბაკლი.
კვლევა The American Journal of Clinical Nutrition-ში გამოქვეყნდა.